გერმანიის ფედერალური მთავრობა ბაზარზე მწვანე წყალბადის გავრცელების მიზნით საქართველოს 23 მილიონ ევროს გამოუყოფს
საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, გერმანიის ფედერალური მთავრობა ბაზარზე მწვანე წყალბადის გავრცელების მიზნით საქართველოს 23 მილიონ ევროს გამოუყოფს.
საელჩოს ცნობით, ეს თანამშრომლობა მწვანე წყალბადის ტექნოლოგიის კუთხით კავკასიის რეგიონში პირველი საინვესტიციო პროექტია.
“საქართველოსა და გერმანიის მთავრობები განვითარების პოლიტიკის სფეროში ორდღიანი სამთავრობო მოლაპარაკებების ფარგლებში ენერგოსექტორში თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ.
გერმანიის ფედერალური მთავრობა ბაზარზე მწვანე წყალბადის გავრცელების მიზნით საქართველოს 23 მილიონ ევროს გამოუყოფს. ეს თანამშრომლობა პირველი საინვესტიციო პროექტია მწვანე წყალბადის ტექნოლოგიის კუთხით კავკასიის რეგიონში.
ენერგოსექტორის გარდა მხარეები ასევე სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაგრძელებაზეც შეთანხმდნენ. ღონისძიებათა პაკეტი მომდევნო ორი წლისთვის მთლიანობაში 68 მილიონამდე ევროს მოიცავს. მაგალითად ბათუმსა და მთლიანად აჭარაში უნდა გაუმჯობესდეს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები, უნდა გაუმჯობესდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისსა და ბათუმში და უნდა განხორციელდეს სპეციალისტთა გადამზადება ქართული კომპანიებისთვის”,- ნათქვამია ინფორმაციაში.