ნორვეგია უკრაინის ბირთვული უსაფრთხოებისთვის 21 მილიონზე მეტს გამოყოფს
ნორვეგია უკრაინის ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობისთვის დამატებით კიდევ, დაახლოებით, 21,5 მილიონ ევროს (250 მილიონი ნორვეგიული კრონი) გამოყოფს.
ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
კერძოდ, ნორვეგია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მხარდასაჭერად 100 მლნ. ნორვეგიულ კრონს გამოყოფს, რაც უკრაინაში ორგანიზაციის ექსპერტების ყოფნას შეუწყობს ხელს. დღესდღეობით IAEA-ს ექსპერტები იმყოფებიან ჩერნობილის ობიექტზე, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე და უკრაინის სამ სხვა მოქმედ ატომურ ელექტროსადგურზე.
გარდა ამისა, ნორვეგია 150 მილიონი კრონით ზრდის უკრაინასთან თანამშრომლობის დაფინანსებას ბირთვული უსაფრთხოების სფეროში. ეს დაფინანსება მოხმარდება რადიოაქტიური ნივთიერებების გამოყოფასთან დაკავშირებული ავარიების და ინციდენტების რისკის შემცირებას, ასევე, რადიოაქტიური მასალების მესამე მხარის ხელში ჩავარდნის რისკის შემცირებას.
გასულ კვირას გახდა ცნობილი, რომ დანია და ნორვეგია გაერთიანებული ძალებით უკრაინას კიდევ 9 000 საარტილერიო ჭურვს გადასცემენ.