მაკა ბოჭორიშვილი და ლევან ქარუმიძე ლატვიაში კოლეგებს შეხვდნენ
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა და პირველმა მოადგილე ლევან ქარუმიძემ ლატვიის პარლამენტის ევროპის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ანდრის სპრუდსთან და კომიტეტის წევრებთან ანდრეი სვილანსთან და იანის გრასბერგსთან შეხვედრა გამართეს.
პარლამენტის ინფორმაციით, რიგაში გამართული შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული მდგომარეობა და უსაფრთხოების გამოწვევები, მისი გავლენა საქართველოს სტრატეგიული მიზნების განხორციელების კუთხით.
ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ისტორიული მჭიდრო თანამშრომლობისა და პარტნიორობის მნიშვნელობას და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერის საჭიროებას. შეხვედრისას, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოლოდინზე ისაუბრეს და განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, ქვეყანაში გატარებული და მიმდინარე რეფორმები და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროგრესი.