დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილების შესახებ კანონპროექტი განიხილა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი თანმდევ კანონპროექტებთან ერთად.
როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განმარტა, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილების მთავარი პრინციპი არის ჯანმრთელობის სამინისტროს მარეგულირებელი უწყების გაძლიერება და მისი აღჭურვა იმ სამართლებრივი მექანიზმებით, რაც მას დაკისრებული ყველაზე მნიშვნელოვანი ვალდებულების, პაციენტის უსაფრთხოების და სამინისტროს მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის ჯეროვნად შესრულების შესაძლებლობას მისცემს.
კანონპროექტით მარეგულირებელს ენიჭება უფლება, რომ მან სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, პირდაპირ განახორციელოს შემოწმება ფარმაცევტულ სექტორში და ასევე სამედიცინო დაწესებულებებში, რასაც შეიძლება წინ უსწრებდეს პაციენტის საჩივარი, ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რაც შემოწმების ჩატარების საფუძველს ქმნის. ასევე ცვლილება ხორციელდება ჯარიმებთან დაკავშირებით და იზრდება სანებართვო და სალიცენზიო პირობების დარღვევისთვის აქამდე დაწესებული ჯარიმების ოდენობა.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, კომიტეტი წარმოადგენს რეკომენდაციებსა და მოსაზრებებს რაც კანონპროექტში მეორე მოსმენით განხილვისას აუცილებლად უნდა აისახოს. შესაბამისად, კომიტეტი სათანადო დასკვნას წარმოადგენს.