მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობა ითვალისწინებს მიწის მდგრადი მართვის სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას, გაუდაბნოებისა და მიწის დეგრადაციის წინააღმდეგ ბრძოლის, ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენისა და ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების მართვასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებაში ახალგაზრდა მკვლევრებისა და პროფესორ-მასწავლებლების თანამონაწილეობას, სხვადასხვა ერთობლივი აქტივობების დაგეგმვა-განხორციელების საკითხებს.

თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის კანცლერმა კარლო კოპალიანმა.

ღონისძიებაზე გიორგი მიშელაძემ ვრცლად ისაუბრა სააგენტოს საქმიანობის სპეციფიკაზე, პროგრამებზე, რომელსაც უწყება ახორციელებს და აღნიშნა, რომ სააგენტო ღიაა სტუდენტებთან თანამშრომლობისთვის.

კარლო კოპალიანის განცხადებით, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებულად მოთხოვნადია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა მიმართულებების: ენერგეტიკის, მშენებლობის, სამთო-გეოლოგიური და სხვა ფაკულტეტების კურსდამთავრებული პროფესიონალი კადრები.

აღინიშნა, რომ ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა-აღსრულება ხელს შეუწყობს მემორანდუმით განსაზღვრული მიზნების განხორციელებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები