„ჩემთვის ეჭვის ნატამალიც არ რჩება, რომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე აფეთქება რუსმა ოკუპანტებმა განახორციელეს, მიზეზი უკრაინელების შეტევის შეჩერება იყო“ – ვახტანგ მაისაია

„ჩემთვის ეჭვის ნატამალიც არ რჩება, რომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე აფეთქება რუსმა ოკუპანტებმა განახორციელეს,“ – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას უსაფრთხოებისა და სამხედრო საკითხების ანალიტიკოსმა, პოლიტოლოგმა ვახტანგ მაისაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ჰესის აფეთქება რუსეთის ინტერესებში შედიოდა. როგორც ანალიტიკოსმა აღნიშნა, რუსეთის მიზანი უკრაინის შეტევის შეკავება იყო.

„მოგეხსენებათ, კახოვკის ჰიდროელექტროსადგური უმსხვილესია, ევროპაში რიგით მესამე ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც საკმაოდ სერიოზულ ტერიტორიას მოიცავს. პირობითად რომ ვთქვათ, ის თავის მასშტაბებით ენგურჰესზე ორჯერ უფრო დიდია. კახოვკის ჰიდროელექტროსადგური თავის დროზე იმისთვის ააშენეს, რომ საბჭოთა კავშირში ე.წ. ინდუსტრიალიზაციის პოლიტიკა დაეჩქარებინათ. უკრაინის ელექტროენერგიის დაახლოებით 20 % -ის წარმოება სწორედ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე მოდიოდა.
ამ ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებამ ეკოციდი გამოიწვია. ჩემთვის ეჭვის ნატამალიც არ რჩება, რომ ეს რუსმა ოკუპანტებმა გააკეთეს. მათ ინტერესებში იყო, რომ უკრაინის შეტევის შეკავება მოეხდინათ, რაც, პრინციპში, დადასტურდა კიდევაც. ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალმა ამ საქმის გამოძიება დაიწყო და იმედია, რომ მალე ამ ეკოციდის დანაშაულში დამნაშავეებს გამოავლენენ.
როგორც გითხარით, აფეთქების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რომ უკრაინელების შეტევა შეეჩერებინათ. მოგეხსენებათ, რომ ფრონტის 3 ხაზია, რომელიც ხარკოვიდან, პირობითად რომ ავიღოთ, ნიკოლაევის, ოდესის მიმართულებით გადის. აქედან ფრონტის ხაზი პირობითად 3 ძირითად მონაკვეთად იყოფა: პირველია ხარკოვის მონაკვეთი, მეორე დონეცკის და მესამე ზაპოროჟიეს მონაკვეთი, რომელიც ხერსონის ნაწილსაც მოიცავს. უკრაინელები აპირებდნენ, რომ შეტევა სწორედ დონეცკისა და ზაპოროჟიეს წყალგამყოფი ფრონტის ხაზების მიმართულებით განეხორციელებინათ, რაც მათ საშუალებას აძლევდათ, მარიუპოლის მიმართულებით, ოპერატიულ- სტრატეგიულ სივრცეზე პირდაპირ გასულიყვნენ, ალყაში მოექციათ და ის წარმატება გაემეორებინათ, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონსა და ხარკოვში გასული წლის სექტემბერ-ოქტომბრის პერიოდში განახორციელეს. სწორედ ამ შეტევის პრევენციისათვის, არდაშვების გამო რუსულმა მხარემ ჰესი ააფეთქა, მათ, ფაქტობრივად, ეს შეტევა ჩაშალეს. უკრაინელებმა შეტევით დონეცკის სამხრეთ ფრონტის ხაზზე 8 კილომეტრში პირველი ეშელონის გარღვევა მოახდინეს. თუ კახოვკის მიმართულებით უკრაინელების შეტევა დაიწყებოდა, ფაქტობრივად, სერიოზული თავდაცვითი სისტემის მორღვევა მოხდებოდა, როგორ ჩანს, ეს იყო მთავარი დარტყმის მიმართულება. უკრაინელები უკვე სარეზერვო – სათადარიგო ვარიანტებზე გადავიდნენ და შეტევა ზაპოროჟიეს ფრონტის მთელი ხაზის მიმართულებით დაიწყეს. დღეისათვის ცნობილია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის 3 ეშელონიზირებული თავდაცვითი პირველი ზღუდის გარღვევა შეძლეს, თუმცა, რუსების საოკუპაციო ძალებმა მათი ერთგვარი შეჩერება მოახერხეს. ამ ეტაზე გააფთრებული ბრძოლები მიდის, რათა უკრაინელებმა შეტევის არეალი განავითარონ და კიდევ უფრო გააფართოონ. მინდა გითხრათ, რომ ამის პარალელურად უკრაინელები კონტრშეტევით ოპერაციებს უკვე ბახმუტის ფრონტის ხაზის მიმართულებით ახორციელებენ. იქაც ტაქტიკური წარმატებები აქვთ“, – განაცხადა მაისაიამ.

მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში, დაახლოებით, ივნის-ივლისში ყველაზე სასტიკი ბრძოლები გაიმართება. როგორც მაისაიამ აღნიშნა, ეს რუსეთ – უკრაინის ომის მიმდინარეობის პერიოდში ყველაზე დრამატული პერიოდი იქნება.

„ამ ეტაპზე, სიტუაცია საკმაოდ რთულია. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ერთგვარი ახალი ტაქტიკური ელემენტი გამოიყენეს, მათ შორის, მსროლელი დანაღმვითი სისტემა, რომელიც, ფაქტობრივად, 10-15 კილომეტრის სიგრძეზე ფუგასური ტიპის ნაღმებს ისვრის, საუბარია, როგორც სატანკო, ისე სახმელეთო ნაღმებზე. ამ ტაქტიკური ელემენტის გამოყენებით მათ შეძლეს, უკრაინის შეიარაღებული ძალების პირველი შეტევების ტალღა შეეჩერებინათ, მწყობრიდან გამოიყვანეს საბრძოლო ტანკები, „ლეოპარდები“. ამის მიუხედავად, უკრაინელებმა, როგორც ჩანს, შეძლეს, რუსეთის სამხედრო წარმომადგენლების ტაქტიკური ელემენტის თავიდან აცილების მომენტებისთვის გარკვეულწილად ალღო აეღოთ. მათ შეტევის განვითარება დაიწყეს და უახლოეს პერიოდში, დაახლოებით, ივნის-ივლისში ყველაზე სასტიკი ბრძოლები გაიმართება. ეს რუსეთ – უკრაინის ომის მიმდინარეობის პერიოდში ყველაზე დრამატული პერიოდი იქნება.
ხვალ პოლონეთში მივემგზავრები, სადაც დახურული კონფერენცია იმართება, საერთაშორისო ექსპერტების შეკრებაა, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომის პერიპეტიებს იხილავენ. მე სამხედრო სექციის ხელმძღვანელობა მიწევს. წამყვან სამხედრო ექსპერტები შეიკრიბებიან, მათ შორის გენერლების პანელი იქნება. სამხედრო-პოლიტიკურ კონფერენციაზე უკრაინის ომის 5 ასპექტი განიხილება: სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი ასპექტები. როცა ღონისძიებიდან ჩამოვალ, მორიგ პრესკონფერენციას გავმართავ და ახალი ინფორმაციით და მასალებით შევეცდები, ამ მიმართულებით თქვენი თვალსაწიერი კიდევ უფრო გავაფართოო,
ამ ეტაპზე, სიტუაცია საკმაოდ რთულია. ორივე მხარის ფარგლებში, გააფთრებული შეტაკებები მიდის. ეს მზარდი ტენდენციებით განვითარდება, შედეგებს დაველოდოთ. იმედია, უკრაინის შეიარაღებული ძალები შეძლებენ, რუს ოკუპანტებს სერიოზული ზარალი მიაყენონ. ეს იქნება ომის ყველაზე ხანგრძლივი, სასტიკი დიდი ბრძოლის ეტაპი. იმედია, უკრაინებელილები ამ ბრძოლის ეტპასაც მოიგებენ, როგორც წინა ორი ეტაპი უკრაინის სასარგებლოდ დასრულდა. პირველი ეტაპი დედაქალაქ კიევისა და ხარკოვისთვის ბრძოლა იყო, მათ ამ სტრატეგიული ქალაქების მტრისთვის არდათმობა შეძლეს. მეორე ეტაპი ხარკოვის დებლოკირება და ხერსონის გათავისუფლება იყო რაც პრინციპში, განხორციელდა. მესამე არის უკვე მთლიანად ზაპოროჟიეს, ხერსონის და ნაწილობრივ დონეცკის ტერიტორიების გათავისუფლება, აზოვის ზღვის და ანექსირებული ყირიმის მიმართულებით გასვლა,“ – განაცხადა მაისაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები