მაკრონმა ირანის პრეზიდენტს მოუწოდა, შეწყვიტოს რუსეთისთვის დრონების მიწოდება
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, თავის ირანელ კოლეგას ებრაჰიმ რაისის დაურეკა და მოუწოდა „დაუყოვნებლივ შეაჩეროს“ უპილოტო საფრენი აპარატების რუსეთისთვის მიწოდება. ამის შესახებ ინფორმაციას, “Reuters” მაკრონის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.
„საუბრისას ემანუელ მაკრონმა მოუწოდა ირანს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მხარდაჭერა რუსეთისადმი უკრაინის წინააღმდეგ ომში“, – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, საფრანგეთის ხელმძღვანელმა „შეშფოთება გამოთქვა“ ირანის ბირთვული პროგრამის განვითარებასთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ მოსკოვი და თეირანი კვლავ უარყოფენ რუსეთის ფედერაციისთვის ირანული დრონების მიწოდების შესახებ ინფორმაციას. ამავდროულად, დრონების შესაბამისი გადაცემა უკვე არაერთხელ დადასტურდა შეერთებულ შტატებში.
აღსანიშნავია, რომ 18 დეკემბერს ირანმა განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობის გასაფართოებლად „არავის ნებართვას არ მოსთხოვენ“.
რუსული ჯარები იყენებენ “კამიკაძეს” უპილოტო თვითმფრინავებს უკრაინის სამოქალაქო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმისთვის.