CNN: უკრაინულმა ძალებმა რუსეთის თავდაცვის ხაზების გარღვევის პირველი მცდელობისას დანაკარგები განიცადეს

ბოლო დღეებში რუსეთის თავდაცვის ხაზების გარღვევის პირველი მცდელობისას უკრაინულმა ძალებმა მძიმე ტექნიკისა და ჯარისკაცების დანაკარგები განიცადეს, რადგან ისინი რუსეთის ძალების მხრიდან მოსალოდნელზე მეტ წინააღმდეგობას შეხვდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, აშშ-ს ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა ზარალს, რომელიც აშშ-ს მიერ მიწოდებულ MRAP-ის ჯავშანტექნიკას მოიცავს, „მნიშვნელოვანი“ უწოდა.

როგორც CNN-ი წერს, უკრაინულმა ძალებმა მოახერხეს აღმოსავლეთით ბახმუტის გარშემო რუსული ძალების ნაწილის განდევნა, თუმცა, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით, ყუმბარმტყორცნებითა და ნაღმტყორცნებით შეიარაღებული რუსები მტკიცე წინააღმდეგობას უწევენ.

აშშ და დასავლელი ოფიციალური პირები თვეების განმავლობაში ემზადებიან კონტრშეტევისთვის და მოძრაობდნენ უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად. მიმდინარე კვირაში უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა, რომ შეტევა „მიმდინარეობდა რამდენიმე მიმართულებით“.

„ეს მხოლოდ ბახმუტს არ ეხება. შეტევა რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს. ჩვენ გვიხარია ყოველი მეტრი. დღეს ჩვენი ძალებისთვის წარმატებული დღეა“, – აღნიშნა მან.

ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დანაკარგები გავლენას არ მოახდენს უკრაინის უფრო ფართო კონტრშეტევაზე. აშშ და დასავლელი ოფიციალური პირები დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ, რომ კონტრშეტევას დრო დასჭირდებოდა და უკრაინის პერსონალი და აღჭურვილობა, მათ შორის დასავლეთის მიერ მიწოდებული სისტემები, მაღალი რისკის ქვეშ დააყენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები