“ვლადიმერ პუტინი არ გაჩერდება და აშშ-ს ბევრად მკაცრი ხაზი უნდა ჰქონდეს” – მაიკ პენსი

აშშ-ის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, მაიკ პენსმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიმართ შეერთებულმა შტატებმა ბევრად მკაცრი ხაზი უნდა გაატაროს.

ამის შესახებ მან ოჰაიოს შტატში თქვა, სადაც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე გამოაცხადა.

პოლიტიკოსმა დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ პირადად შეხვედრია პუტინს, უყურებდა პირდაპირ თვალებში და ეუბნებოდა ისეთ სიტყვებს, რომლებიც მისთვის სასიამოვნო მოსასმენი არ იყო.

“ნებისმიერი, ვინც ფიქრობს, რომ ვლადიმერ პუტინი გაჩერდება, თუ მოახერხებს უკრაინის დამარცხებას, მიიღებს იმას, რასაც ჩვენ ინდიანაში ვეძახით – “გეგონოთ”. მას გაჩერების არავითარი სურვილი არ აქვს. მან ნათლად აჩვენა, რომ აპირებს აღმოსავლეთ ევროპაში ძველი საბჭოთა გავლენის სფეროს ხელახლა შექმნას”, – თქვა მაიკ პენსმა.

ამ კონტექსტში პენსმა, თეთრი სახლის ყოფილი ლიდერის, დონალდ ტრამპის პოზიცია გაიხსენა და თქვა, რომ „გულწრფელად რომ ვთქვათ, როდესაც ვლადიმერ პუტინი შეიჭრა უკრაინაში, ყოფილმა პრეზიდენტმა მას გენიოსი უწოდა. მე ვიცი განსხვავება გენიოსსა და სამხედრო დამნაშავეს შორის და ვიცი, ვინ უნდა მოიგოს ომი უკრაინაში და ეს არის ხალხი, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის და უკრაინაში ეროვნული სუვერენიტეტის აღდგენისთვის. და ჩვენ უნდა მივცეთ უკრაინელ ხალხს შესაძლებლობა, იბრძოლონ და დაიცვან თავიანთი ტერიტორია“, – განაცხადა პენსმა.

უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის კომენტირებისას, დონალდ ტრამპმა ადრე განაცხადა, რომ “მინდა, რომ სიკვდილი შეწყდეს. ისინი კვდებიან. რუსებიც და უკრაინელებიც. მინდა, რომ არ მოკვდნენ. და მე ამას 24 საათში გავაკეთებ”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები