მაიკ პენსმა ჯო ბაიდენი უკრაინის არასაკმარისი დახმარებისთვის გააკრიტიკა
აშშ-ის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, მაიკ პენსმა განაცხადა, რომ სრულად უჭერს მხარს უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში და თქვა, რომ საჭიროა აშშ-ის სამხედრო დახმარების გაზრდა.
პოლიტიკოსის თქმით, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელება შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებში შედის.
ამის შესახებ მან ოჰაიოს შტატში განაცხადა, სადაც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე გამოაცხადა.
პენსმა თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას უნდა მიაწოდოს ყველაფერი, რაც აუცილებელია რუსული აგრესიის მოსაგერიებლად და მისი ტერიტორიების დასაბრუნებლად.
“ვიცი, რომ ამ დებატებში ზოგიერთი უკრაინის ომს, ტერიტორიულ დავას უწოდებს. ეს არასწორია. ეს იყო რუსეთის არაპროვოცირებული შემოჭრა. და მე მჯერა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს უკრაინაში მამაცი ჯარისკაცების მომარაგება იმ რესურსებით, რაც მათ ესაჭიროებათ რუსეთის ამ შემოჭრის წინააღმდეგ საბრძოლველად და მათი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად“, – განაცხადა მაიკ პენსმა.
მან თქვა, რომ მისი გადმოსახედიდან აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინის სამხედრო დახმარების გაწევაში მიუღებლად შენელებულია. მან გაიხსენა, რომ ვაშინგტონს უკრაინისთვის იანვარში დაპირებული “აბრამსის” ტანკები ჯერ არ გადაუცია.
„ამ დრომდე ველოდებით, რომ ოდესღაც ვინმე მიაწვდის უკრაინას F-16-ის საბრძოლო თვითმფრინავებს“, – დასძინა მან.
მაიკ პენსმა თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა არ უნდა დაივიწყოს თავისი მოვალეობა, მხარი დაუჭიროს თავისუფლებას და დემოკრატიას მთელ მსოფლიოში.
„ეს არ არის ჩვენი ომი, მაგრამ თავისუფლებისთვის ბრძოლა – ჩვენი საქმეა“, – თქვა მან.