სკოლის ექიმს ნარკოდამოკიდებულების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენის ფუნქციაც ექნება
სკოლის ექიმს არამარტო გადაუდებელი დახმარების გაწევის ფუნქცია, არამედ, ნარკოდამოკიდებულების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენის, ქრონიკული დაავადების აღმოჩენისა და პროფილაქტიკის ფუნქციაც ექნება, – ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინსტიტუტის აღდგენის პილოტირების დაწყება განათლების სამინისტრომ გადაწყვიტა, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო მიესალმება.
“ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა სკოლის ექიმის საკვალიფიკაციო მოთხოვნები. ის შეიძლება იყოს ოჯახის ექიმი ან პედიატრი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები მარტივია და უამრავ ექიმს ექნება სამუშაოს მიღების საშუალება”, – აღნიშნა დავით სერგეენკომ. მისივე თქმით, ეს იქნება პილოტური პროექტი, რომელიც თავდაპირველად 100 სკოლაში განხორციელდება.