ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 12 თვის შესრულების შესახებ ინფორმაცია მოისმინა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა  2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 12 თვის შესრულების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ინფორმაცია სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

მისი განცხადებით, 2022 წელს, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ წინა წელთან შედარებით 10.1 % შეადგინა. მშპ ნომინალურ გამოსახულებაში 71 754.2 მლნ ლარით განისაზღვრა.

მისივე თქმით, გასულ წელს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო ინფლაცია, თუმცა წელს არის კლების ტენდენცია და წლის განმავლობაში საშუალო ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალი იქნება.

რაც შეეხება საგარეო სექტორს, 2022 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 19 109.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 33.2 %-ით მეტია.

მომხსენებლის ინფორმაციით, მთლიან საქონელბრუნვაში ევროკავშირის წილი 20.5 %-ს შეადგენს. მისი თქმით, 2022 წელს წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი 20.3%-ით, ხოლო იმპორტი 32.6%-ით გაიზარდა. ასევე, წინა წელთან შედარებით გაზრდილია საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა და ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 3 516.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

მისივე ინფორმაციით, 2022 წელს გაორმაგებულია წმინდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი. საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2 000.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 19 217 000.0 ათასი ლარით, თუმცა მობილიზებული იქნა საპროგნოზო მაჩვენებლის 100.8%. გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 17 350 000.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 17 385 944.3 ათასი ლარი.

გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 357 000.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში კი მობილიზებულ იქნა 364 658.4 ათასი ლარი.

სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 1 510 000.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 1 626 951.7 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 107.7%.

მომხსენებლის ინფორმაციით, 100.6%-ით არის შესრულებული 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების შესრულების მაჩვენებელი, რომელმაც 16 450 247.4 ათასი ლარი შეადგინა. რაც შეეხება გადასახადების მაჩვენებელს, ის შესრულდა საპროგნოზო მაჩვენებლის 100.1%-ით.

მომხსენებლის ინფორმაციით, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი საანგარიშო პერიოდში ორჯერ გაიზარდა, რამაც მთლიანობაში შეადგინა 20 მლრდ 186 მლნ ლარი.

„ვინაიდან ჯამური შესრულების მაჩვენებელი არის მაღალი, შესაბამისად, ყველა სამინისტროს შესრულების მაჩვენებელი არის მაღალი, ძირითადად 100%-ის ფარგლებში. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ათვისებულია 177 მლნ 974 ათასი ლარი და გეგმასთან შედარებით 100,8%-იანი შესრულების მაჩვენებელია“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები