დღეს საქართველოს სახალხო არტისტის, კახი კავსაძის დაბადების დღეა

5 ივნისი საქართველოს სახალხო არტისტის, კახი კავსაძის დაბადების დღეა.
„კახი კავსაძე 70-ზე მეტ მხატვრულ, დოკუმენტურ, მოკლე  და სრულმეტრაჟიან ფილმშია გადაღებული. იგი კინოში შემოქმედებითი მოღვაწეობის ადრეულ პერიოდში გამოჩნდა. მისი დებიუტი შედგა 1956 წელს ფილმში „ეთერის სიმღერა“, 1959 წელს კი გახდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი. შემოქმედებითი მოღვაწეობის მანძილზე მან თეატრსა და კინოში არაერთი დასამახსოვრებელი და საინტერესო პერსონაჟი განასახიერა, მათ შორის: ადამი (სპექტაკლი „ღვთაებრივი კომედია“), თავადი კოწია (სპექტაკლი „გუშინდელნი“), დევდარიანი (სპექტაკლი „საბრალდებო დასკვნა“), ილიკო (სპექტაკლი „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“), სიმონ ჩაჩავა (სპექტაკლი „კავკასიური ცარცის წრე“), ლორდი ჰასტინგსი (სპექტაკლი „რიჩარდ III“), კენტი (სპექტაკლი „მეფე ლირი“), რასპუტინი (სპექტაკლი „კვაჭი კვაჭანტირაძე“), ბატონი დევი (სპექტაკლი „მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“), კოტე (სპექტაკლი „მოხუცი ჯამბაზები“), მიხეილ კორიშელი (კინოფილმი „მონანიება”), ანარქისტი იორამი (კინოფილმი „ნატვრის ხე”), აბდულა (კინოფილმი ,,უდაბნოს თეთრი მზე”), დონ კიხოტი (კინოფილმი ,,ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი”), ელიბო (კინოფილმი „ღვინის ქურდები”), კოლა (კინოფილმი „სიყვარული ყველას უნდა“), ზაური (კინოფილმი „სამკაული ჩემი სატრფოსათვის“), სელიმი (კინოფილმი „ერთი ნახვით შეყვარება“), ტიტე ნატუტარი (კინოფილმი „ყვარყვარე“), სულხანი (კინოფილმი „ცხელი ზაფხულის სამი დღე“), ინოჩენცი (კინოფილმი ,,ვერის უბნის მელოდიები“), ივანე მრისხანე (კინოფილმი ,,მეფე ივანე მრისხანე“), შეილოკი (კინოფილმი „შეილოკი“), ბრიგადირი (კინოფილმი „სამოთხის გვრიტები“), სერგო (კინოფილმი „მეოთხე ბრაიტონი”) და სხვა.
კახი კავსაძეს მიღებული აქვს არაერთი ჯილდო და პრემია. იგი იყო საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1976), საქართველოს სახალხო არტისტი (1981 წელი), ქ. დუშანბეში გამართული საკავშირო კინოფესტივალის პრემიის ლაურეატი (1989 წელი), იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრიზის, „იპოს“, მფლობელი (2001 წელი), კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო (2009 წელი) და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი (2010 წელი).
2008 წელს რუსთაველის თეატრის წინ კახი კავსაძის ვარსკვლავი გაიხსნა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს კახი კავსაძის უდიდეს ღვაწლს ქართული თეატრისა და კინოს განვითარებაში“, – ნათქვამია ინფორმაციაში. .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები