გიორგი ვოლსკი: რა სისტემა მუშაობს რუსეთში ისეთი, რომ ელენე ხოშტარიას ოჯახის ვალი აქვს მუდმივად?!
“რა სისტემა მუშაობს რუსეთში ისეთი, რომ ელენე ხოშტარიას ოჯახის ვალი აქვს რუსეთის ფედერაციას მუდმივად”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ელენე ხოშტარიას აქტიურობა რუსეთიდან თანხების ჩარიცხვებს ემთხვევა.
“ამ დროს, რუსეთის ფედერაციას ებრძვის ასე გამწარებული ელენე ხოშტარია, თითქოს ებრძვის, თორემ რომ გავაანალიზოთ სიტუაცია, რუსეთის ფედერაციას დღეს აწყობს გარკვეული ბარიერების შექმნა, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ამ ბარიერების მშენებლობაში ერთ-ერთი გამორჩეული არის ელენე ხოშტარია და ზუსტად იმ ჩარიცხვებს და იმ თანხების ოდენობას ემთხვევა რამდენადაც აქტიურია ელენე ხოშტარია თავის დესტრუქციულ საქმიანობაში. რამდენ საღებავსაც მიასხამს კედლებზე, იმდენი ემატება და ინტენსიური ხდება რუსეთის ბიუჯეტიდან დახმარება. ასე რომ, არავინ იფიქროს, რომ ქვეყნები თავის ინტერესების გარეშე აკეთებენ რამეს, მით უმეტეს რუსეთის ფედერაცია”, – აცხადებს გიორგი ვოლსკი.
ცნობისთვის, “კურიერის” ინფორმაციით, “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას ოჯახს, რუსეთიდან 22 მაისს 2 მილიონ ნახევარზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა. საერთო ჯამში კი, 2021 წლიდან, ხოშტარიების ოჯახის მიერ მიღებული თანხა 5 მილიონ 279 ათასი რუბლია. ბოლო 3 წლის განმავლობაში, ტრანზაქცია რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან 7-ჯერ განხორციელდა. ბოლოს მიღებული თანხა რამდენჯერმე მეტია წინა წლების ჩარიცხვებთან შედარებით.