კულტურის სამინისტროს მიერ დაარსებული „სიღნაღის თეატრალური ფესტივალი“ სპექტაკლით  „მარინა რევია“ გაიხსნა

3 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით, სიღნაღის მუნიციპალიტეტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სიღნაღის მუნიციპალიტეტისა და მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის, ინიციატივით დაფუძნებულ „სიღნაღის თეატრალურ ფესტივალს“ პირველად მასპინძლობს და მასში მონაწილეობას მიიღებენ სახალხო სამოყვარულო თეატრალური დასები, ასევე პროფესიული სახელმწიფო თეატრები სამოყვარულო დასებთან შექმნილი ერთობლივი სპექტაკლებით.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ფესტივალი 3 ივნისს მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის თეატრალური დასის სპექტაკლით „მარინა რევია“ გაიხსნა, რომელიც რეჟისორმა გოჩა ხვიჩიამ დადგა. სტუმრებმა სიღნაღის მთავარ მოედანზე „ქუჩის თეატრის“ წარმოდგენაც იხილეს. ფესტივალის გახსნას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, საგარეჯოსა და გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და თეატრალური სფეროს წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
„მარინა რევია“ – ერთმოქმედებიანი დრამა 15-წლიანი პატიმრობის შემდეგ სახლში დაბრუნებული დედის შვილებთან შეხვედრის ამბავს მოგვითხრობს. დედას აღარავინ ელის, ის თითქმის დაივიწყეს და გარდაცვლილად გამოაცხადეს, ხოლო მის გარეშე განვლილი ბავშვობისა და ყმაწვილობის შემდეგ ოჯახში ბრუნდება მშობელი, რომელიც უცხოა შვილებისთვის. სპექტაკლში მონაწილეობდნენ: მარინა ჯოხაძე, თათია თათარაშვილი, ზურა ხაფთანი, ქეთევან აბაშიძე. მხატვარი – ტარიელ გელიაშვილი, ქორეოგრაფი – კოტე ფურცელაძე.
„სიღნაღის თეატრალური ფესტივალი“ სიღნაღში ყოველწლიურად ივნისის თვეში ჩატარდება. მაყურებელს საშუალება ექნება იხილოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრებთან არსებული სახალხო თეატრების წარმოდგენები, ასევე ამავე სამოყვარულო დასებისა და სახელმწიფო თეატრების ერთობლივი სპექტაკლები.
საკონკურსოდ შერჩეული 13 სპექტაკლის გარდა, ფესტივალი საგანმანათლებლო პროგრამასაც მოიცავს: ერთი კვირის მანძილზე, დაინტერესებული პირებისთვის, გაიმართება მასტერკლასები, სამუშაო შეხვედრები და საჯარო ლექციები, რომელთაც თეატრალურ სფეროში მოღვაწე სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალები გაუძღვებიან. სამი კრიტიკოსისა და ორი რეჟისორისგან დაკომპლექტებული ჟიური გამოავლენს პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ თეატრებს. გამარჯვებული სპექტაკლებისთვის დაწესებულია ფულადი პრემიები და კომპანია „ზარაფხანას” მიერ სპეციალურად ფესტივალისთვის დამზადებული ჯილდოები.
ფესტივალის მიზანია ქვეყანაში სამოყვარულო თეატრალური დასების, რომელთაც არ გააჩნიათ დამოუკიდებელი იურიდიული სტატუსი, მხარდაჭერა და ქართულ თეატრალურ სამყაროსთან მათი ინტეგრაცია; საქართველოში თეატრალური პროცესების წახალისება; სიღნაღის კულტურულ-შემოქმედებით ცენტრად ჩამოყალიბების ხელშეწყობა და ქალაქში თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაცია. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ახალგაზრდა რეჟისორი საბა ასლამაზიშვილია.
ფესტივალის პროგრამა ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.facebook.com/profile.php?id=100092048292057

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები