კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით დაფუძნებული თორაძის ფესტივალის ფარგლებში ანსამბლ ,,ბასიანის” კონცერტი გაიმართა

2 ივნისი ქართული ფოლკლორის დღეა. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდმა დარბაზმა, „თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის“ ფარგლებში, ქართული ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „ბასიანს“ უმასპინძლა. ქართული ფოლკლორის საღამოზე ხალხური სიმღერებისა და ტრადიციული საგალობლების რჩეული ნიმუშები აჟღერდა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში „ბასიანის“ კონცერტს ასევე დაესწრო საქართველოში ვიზიტით მყოფი უნგრეთის ვიცე-პრემიერი ჟოლტ შემიენი მეუღლესთან, გაბრიელა მენუსისთან, ერთად.
აღსანიშნავია, რომ დავით და ალექსანდრე (ლექსო) თორაძეები ყოველთვის გულშემატკივრობდნენ ქართულ ფოლკლორს და მუდმივად ცდილობდნენ, საკუთარი შემოქმედებით მის წარმოჩენას.
„თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი“ 30 მაისს დაიწყო. ფესტივალი გახსნეს ალექსანდრე (ლექსო) თორაძის მეგობრებმა – დირიჟორმა ვახტანგ მაჭავარიანმა და პიანისტმა ვლადიმერ ფელცმანმა, თბილისის ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.
ცხრადღიან ფესტივალს მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა აქვს. მასში მონაწილეობენ კლასიკური მუსიკის მსოფლიო ვარსკვლავები და ქართველი მუსიკოსები. ასევე, ფესტივალი მოიცავს ტრადიციულ ფოლკლორულ მუსიკასა და მასტერკლასების სერიას, რომლებსაც მსოფლიოს წამყვანი მუსიკოსები ქართველი სტუდენტებისთვის ჩაატარებენ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფესტივალის ფარგლებში, ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის სტიპენდიები დაწესდება. „თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი“ საქართველოში ყოველწლიურად ჩატარდება.
ფესტივალი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, „თორაძის ფონდთან“ და ფონდ ,,ქართულ გალობასთან“ თანამშრომლობით, ალექსანდრე თორაძის სახელისა და ღვაწლის უკვდავსაყოფად, სიმბოლურად, მისი გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე დაფუძნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები