ვფიქრობ, იმ მაღალი დონის შეხვედრებმა, რაც ამ ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა, კიდევ ერთი ნაბიჯით დაგვაახლოვა კანდიდატის სტატუსს და კიდევ ერთხელ ხაზგასმით იქნა ქართველი ხალხის და მთავრობის ურყევი ნება რომ გავერთიანდეთ ევროპულ ოჯახში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაია ბითაძემ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, მოლდოვაში ვიზიტის შეფასებისას “კვირასთან” საუბარში განაცხადა.
მისივე თქმით, მსგავსი ვიზიტები საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებასთან კიდევ უფრო აახლოებს.

მონაწილეობს
“უკიდურესად დადებითად მინდა, შევაფასო პრემიერის ვიზიტი, რაც კიდევ ერთხელ თვალნათლივ აჩვენებს ჩვენი სახელმწიფოს ურყევ ნებას გაერთიანდეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ამასთან, ვფიქრობ, იმ მაღალი დონის შეხვედრებმა, რაც ამ ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა, კიდევ ერთი ნაბიჯით დაგვაახლოვა კანდიდატის სტატუსს და კიდევ ერთხელ ხაზგასმით იქნა ქართველი ხალხის და მთავრობის ურყევი ნება რომ გავერთიანდეთ ევროპულ ოჯახში, ასევე ურყევი ნება, რომ ჩვენ ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობა და სტაბილურობა, რათა მიღწეულ იქნეს საბოლოო მიზანი – განხორციელდეს საქართველოს დეოკუპაცია.
თითოეული, ასეთი დონის ვიზიტი არის კიდევ ერთი ნაბიჯი წინ, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც ქართული მხარე ასრულებს იმ 12- პუნქტიანი გეგმას, რომელიც კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის პირობად იყო განსაზღვრული. ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი 12- პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან ერთად იქნება ერთ-ერთი ხელშესახები ვიზიტი, იმისთვის, რომ ევროკომისია მოგვცემს ჩვენ კანდიდატის სტატუსს”, – აცხადებს ბითაძე.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაში, სახელწოდებით – „უსაფრთხოება“, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატში ჩატარდა.
თემატური დისკუსია ორი ქვეყნის – გაერთიანებული სამეფოსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით გაიმართა. ლიდერებმა ევროპის კონტინენტზე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გადასადგმელ ნაბიჯებსა და ძალისხმევაზე ისაუბრეს.
დისკუსიის ფარგლებში ასევე აქტუალური იყო საქართველოს საკითხი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული სახელმწიფოების ლიდერებთან ისაუბრა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე.

მრგვალი მაგიდის დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა, ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი, ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი პიოტრ ფიალა, ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ხავიერ ბეტელი, სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ლუდოვიტ ობორი, შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი.