პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა
პარლამენტმა დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა, რომელიც პლენარულ სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ მესტვირიშვილმა წარადგინა.
ანგარიში მოიცავს ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვას და აუდიტორულ ფინანსურ ანგარიშგებას. მომხსენებლის განცხადებით, ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა.
მისივე თქმით, ეროვნულმა ბანკმა ფინანსური სისტემის სტაბილურობა და გამჭვირვალობა უნდა უზრუნველყოს და ხელი შეუწყოს ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ ზრდას ისე, რომ მისი ძირითადი ამოცანის შესრულებას საფრთხე არ შეექმნას. მომხსენებლის განმარტებით, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთია, რომელიც ინფლაციის პროგნოზის შესაბამისად იცვლება. არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკისთვის მნიშვნელოვან ამოცანას ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა წარმოადგენს, რაც აუცილებელია გრძელვადიანი მდგრადი ეკონომიკური ზრდისათვის. „ამ კუთხით ჩვენ განსაკუთრებით აქტიურად ვიყენებდით მაკროპრუდენციულ ინსტრუმენტებს, რაც დაგვეხმარა, რომ ჯერ პანდემიიდან გამოწვეული შოკი და შემდეგ უკვე რუსეთ-უკრაინის ომიდან გამოწვეული შოკი საბანკო სექტორს მარტივად გადაეტანა”, – აღნიშნა მომხსენებელმა. მისი განცხადებით, ეროვნულმა ბანკმა განაახლა საზედამხედველო პოლიტიკის სტრატეგია და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს საბანკო სექტორში კონკურენციის ზრდას. მან ამ კუთხით განხორციელებულ აქტივობებზე, განსაკუთრებით პარლამენტთან ერთად გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დამტკიცდა „მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ” კანონი და წელს უკვე გარკვეული ნორმატიული აქტების მიღების პროცესია.
„იმედი გვაქვს, რომ მიკრო ბანკები გაჩნდებიან ბაზარზე და საბანკო სექტორში დამატებით კონკურენციას შემოიტანენ. ასევე, გვაქვს ღია ბანკინგის პროექტი, რაც იძლევა საშუალებას, რომ არასაბანკო მონაწილეებს ჰქონდეთ წვდომა, ბანკში არსებულ ინფორმაციაზე. მათ შორის, კლიენტის თანხმობის შემთხვევაში, ჰქონდეთ წვდომა კლიენტის ანგარიშებზე და სხვადასხვა სერვისი კლიენტს უკვე ფინტექ კომპანიებმა შესთავაზონ, რაც ასევე დამატებით კონკურენციას ქმნის საბანკოს სექტორში “,- განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.
მომხსენებელმა ისაუბრა გასულ წელს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით გაწეული აქტივობების შესახებ. მისი განცხადებით, 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზე და იმ საგარეო გამოწვევების ფონზე, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში, საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან იყო პოლიტიკის ეფექტური რეაგირება, როგორც მაკროეკონომიკური პოლიტიკის კუთხით, ასევე საბანკო სისტემების მდგრადობის შენარჩუნების და გაძლიერების კუთხით.
„ჩვენმა ქმედებებმა თავისი გავლენა იქონია საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების მიერ საქართველოს საინვესტიციო საკრედიტო რეიტინგის შეფასებაში და ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები დადებითად შეფასდა, რაც აძლიერებს საქართველოს ეკონომიკის მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ინვესტორების ნდობას”, – განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.