“არსებობს კარგი შესაძლებლობები, განვავითაროთ და გავამდიდროთ ჩვენი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა ახალი შინაარსით” – ალიევი ზურაბიშვილს 26 მაისს ულოცავს
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ქართველ კოლეგა სალომე ზურაბიშვილს 26 მაისის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მისალოცი წერილი გამოუგზავნა.
„ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით, გულითადად გილოცავთ, თქვენ და საქართველოს მეგობარ ხალხს 26 მაისს – დამოუკიდებლობის დღეს და გადმოგცემთ საუკეთესო სურვილებს.
აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დღევანდელი დონე, რომელიც ჩვენი ხალხების ნებიდან გამომდინარეობს, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ცხოვრობენ მეგობრობის, კეთილმეზობლობისა და ჰარმონიის პირობებში, კმაყოფილებას იწვევს. ურთიერთდახმარება და ნდობა, მჭიდრო თანამშრომლობა, ერთობლივი ფართომასშტაბიანი რეგიონული პროექტები, არის მთავარი ფაქტორები, რომლებიც განაპირობებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობასა და კავშირს.
დღეს არსებობს კარგი შესაძლებლობები, განვავითაროთ და გავამდიდროთ ჩვენი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა ახალი შინაარსით, რომელიც მოემსახურება ჩვენი ქვეყნების და ჩვენი რეგიონის კეთილდღეობას და აამაღლებს ჩვენს პარტნიორობას უფრო მაღალ დონეზე.
დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ერთობლივად მივაღწევთ ტრადიციულად მეგობრული, აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობების განმტკიცებას, ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობის შემდგომ გაფართოებას, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ საფუძველზე.
ასეთ მნიშვნელოვან დღესასწაულზე, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, წარმატებებს საქმეში, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს – მუდმივ მშვიდობასა და კეთილდღეობას“, – ნათქვამია მისალოც წერილში.