26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი.

თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების საზეიმო ცერემონია შედგება. ფიცი მთელ საქართველოში, წელს პირველად, ერთდროულად 10 რეგიონსა და თბილისში დაიდება.

რუსთაველის გამზირზე მოეწყობა ღვინის სივრცე, სადაც გაიმართება სომელიეს მასტერკლასი, სხვადასხვა სახეობის ღვინის დეგუსტაცია, ქვევრის ღვინის მახასიათებლების გაცნობა. მუსიკალურ-თეატრალურ სივრცეში მოეწყობა კაფე რადიო, სადაც რუსთაველის გამზირიდან განხორციელდება პირდაპირი მაუწყებლობა სხვადასხვა გადაცემითა და მოწვეული სტუმრებით. გარდა ამისა, კაფე „ლიტერატურა“  სცენას დაუთმობს ახალგაზრდა მწერლებს, პოეტებსა და არტისტებს. ამასთან, მოეწყობა საბავშვო და სპორტული სივრცეები, კვების ზონა.

ქართული ავიაციის 100 წელთან დაკავშირებით წარმოდგენილი იქნება პეტრე ოცხელის მფრინავი მღებავის ინტერაქტიული ინსტალაცია, ავიაციის კოსტიუმების გამოფენა, წარმოდგენილი იქნება რეალური თვითმფრინავი, სადაც მოსულ სტუმრებს შეეძლებათ შესვლა და ფოტოების გადაღება.

საქართველოს მასშტაბით საზეიმო ღონისძიებები 15 ქალაქში გაიმართება.

26 მაისის ღონისძიებებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი დაასრულებს.

საქართველომ დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტით გამოაცხადა, რომელიც საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო. საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი პირველი ქართული კონსტიტუციური ხასიათის დოკუმენტია. მას დეკლარაციული ხასიათი აქვს და მოკლედაა გადმოცემული საქართველოს, როგორც სახელმწიფოს განვითარების ისტორიული პერსპექტივები და ქართველი ერის დაუოკებელი სურვილი, თავად გადაწყვიტოს თავისი მომავალი ბედ-იღბალი. 1918 წლის 26 მაისიდან მოყოლებული, 1921 წელს კონსტიტუციის მიღებამდე დოკუმენტი იქცა იმდროინდელი სამართლებრივი მდგომარეობის პირველწყაროდ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები