გიორგი ვოლსკი: ევროპულია ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ – ევროკავშირის დროშა პარლამენტის წინაც ფრიალებს
“აღქმების დამკვიდრებას ცდილობენ და ფაქტებს ნაკლებად აქცევენ ყურადღებას”, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ვოლსკი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად პარლამენტის შენობის ფასადის გაფორმებასთან დაკავშირებულ კრიტიკას.
ვოლსკის თქმით, ყველაფერი, რასაც მმართველი გუნდი აკეთებს, ევროპულია.
“რასაკვირველია, ევროპულია ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ და იმ პერიოდში, როდესაც აქნევდნენ ევროპულ დროშას, რუსთაველის გამზირიდან სისხლის სუნი ძლივს გავაქრეთ 2012 წლიდან ვრეცხავთ და ვერ ჩავაბარეთ ბნელ ისტორიას ეს საშინელი დღეები. გარდა ამისა, კვერცხების სროლით არ გამოიხატება ევროპულობა. ევროპულობა სწორედ იმით გამოიხატება, რაც საქართველომ გააკეთა “ქართული ოცნების” ხელისუფლების პერიოდში და უდიდესი განსხვავებაა იმას შორის რაც გვქონდა და დღეს რაც გვაქვს. ევროკავშირის დროშა პარლამენტის წინაც ფრიალებს და არც ერთი ოფიციალური სივრცე არ არსებობს, სადაც ის დროშა არ დგას, რომლისკენაც ჩვენ ვისწრაფვით”, – აცხადებს ვოლსკი.
ცნობისთვის, პარლამენტის შენობის ფასადის გაფორმებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან კრიტიკული განცხადებები გაკეთდა. მათი თქმით, საკანონმდებლო ორგანოს ფასადის გაფორმებაში ევროკავშირის დროშა გამოყენებული არ არის.