“ცოფის შემთხვევებთან დაკავშირებით ვერ ვიტყვით, რომ განსაკუთრებული აფეთქებაა, თუმცა, საყურდღებოა” – “სურსათის ეროვნული სააგენტო”

“რაც შეეხება საკითხს: წელს არის, თუ არა ცოფის შემთხვევების მატება, ჩვენ ვერ ვიტყვით იმას, რომ განსაკუთრებული აფეთქებაა, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში შემთხვევები ყოველ წელს ფიქსირდება. თუმცა, ეს საყურადღებოა, რადგან თითოეული შემთხვევა იმას ნიშნავს, რომ თითოეულ ძაღლს შეიძლება, შეხება რამდენიმე ადამიანთან, სხვა ცხოველებთან ჰქონდეს და ისინი დააინფიციროს, დაავადება გავრცელდეს”,- ამის შესახებ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, თენგიზ ჩალიგავამ განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე წელს საქართველოში ცოფის 46 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

“ცოფი საქართველოსთვის ენდემური დაავადებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადების გამოვლინებები ყოველწლიურად არის. “სურსათის ეროვნული სააგენტო” ქვეყნის მასშტაბით დაავადების საწინააღმდეგოდ, მისი ლიკვიდაციისთვის პროფილაქტიკურ ვაქცინაციებს აკეთებს. იმის დემონსტრირებისთვის, თუ რა კეთდება, დიაგრამის სახით გარკვეული ინფორმაცია წამოვიღე, რათა მაყურებლისთვის თვალსაჩინო იყოს, თუ რა ეტაპზე ვართ ჩვენ და რა მდგომარეობაა ქვეყანაში. ამ დიაგრამაზე ჩანს, რომ ვაქცინაციის ზრდასთან ერთად, ქვეყანაში დაავადების გამოვლინება მნიშვნელოვნად შემცირდა, 2013 წელთან შედარებით დაახლოებით 65 %-ით შემცირდა. როგორც აღვნიშნე, ვინაიდან დაავადება საქართველოსთვის ენდემურია, გამოვლინებები ყოველ წელს მეტ-ნაკლებობით გვაქვს. წელს 46 დადასტურებული შემთხვევაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ცხოველებიდან უმეტესი აუცრელი იყო. სადაც აუცრელი ცხოველია, იქ დაავადება თავს იჩენს, რადგანაც ქვეყანაში ვირუსი ცირკულირებს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ყველა ადამიანმა, მესაკუთრემ გაითავისოს ის, რომ თავისი ცხოველი აცრილი და დაცული უნდა იყოს. რაც შეეხება იმას, წელს არის თუ არა შემთხვევების მატება, ჩვენ ვერ ვიტყვით იმას, რომ განსაკუთრებული აფეთქებაა, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში შემთხვევები ყოველ წელს ფიქსირდება, თუმცა, საყურადღებოა, რადგან თითოეული შემთხვევა იმას ნიშნავს, რომ თითოეულ ძაღლს, შეიძლება, შეხება რამდენიმე ადამიანთან, სხვა ცხოველებთან ჰქონდეს და ისინი დააინფიციროს, დაავადება გავრცელდეს. ყველას შევახსენებთ, რომ ეს დაავადება ლეტალურია, 100 %-ით კლავს. თუმცა, ის ადვილად კონტროლირებადია, კარგი ვაქცინები არსებობს,რომლის გამოყენების შემთხვევაშიც ცხოველი აბსოლუტურად იმუნურია და შეგვიძლია, დაავადების გავრცელება თავიდან ავირიდოთ.

ცოფის შემთხვევის დადასტურების შემდეგ საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, საკარანტინო ღონისძიებები იწყება. კონკრეტულ ტერიტორიაზე კარანტინი ცხადდება. რაც იმას ნიშნავს, რომ კონტროლის ღონისძიებებში ჩართულები არიან ადგილობრივი თვითმმართველობა, “სურსათის ეროვნული სააგენტო”, მოსახლეობა, შემთხვევიდან 2-3 კილომეტრის რადიუსში კარანტინი ცხადდება, რაც ამ ტერიტორიაზე არსებული ყველა ამთვისებელი ცხოველის ვაქცინაციას გულისხმობს, როგორც სასოფლო-სამეურნეო ცხოველების, ისე ძაღლების და კატების. სეს-ი ყოველთვის ცდილობს და მზადყოფნაშია, რომ საკარანტინე ტერიტორიაზე ვაქცინაცია მოკლე პერიოდში ჩაატაროს. ამ დროს ყველა მოსახლის თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ რაჭის, სამეგრელოს შემთხვევაში თანამშრომლობა ძალიან მაღალი იყო. მოსახლეობის მხრიდან სააგენტოს ამ ღონისძიებების გატარებაში ყველა ეხმარებოდა. რამდენადაც შესაძლებელი იყო, საკმაოდ დიდი ტერიტორია მოკლე პერიოდში დავფარეთ, რათა ყველა ამთვისებელი ცხოველი აგვეცრა”, – განაცხადა ჩალიგავამ.

მისივე თქმით, “სურსათის ეროვნული სააგენტო” დაავადების საწინააღმდეგო, პრევენციულ ვაქცინაციას ყოველწლიურად ახორციელებს.

“სააგენტო ცოფის პრევენციულ ვაქცინაციას კარდაკარ პრინციპის მეშვეობით ყოველწლიურად ახორციელებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ვეტერინარები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ყველა ოჯახში მიდიან, რათა ცხოველი უფასოდ აცრან. ასევე დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება მეპატრონეს, რომ ღონისძიებების გატარებაში სააგენტოს ხელი შეუწყოს. სეს-ი პატრონიან ცხოველებს ცრის, რაც შეეხება უპატრონო, ან მიკედლებულ ცხოველებს – ადგილობრივი თვითმმართველობის, ან მიმკედლების მხრიდან თუ მომართვიანობა იქნება, ჩვენ მზად ვართ, ვაქცინაცია ამ ცხოველებშიც ჩავატაროთ.
მიმდინარე წელს სააგენტოს მიერ 150 000-მდე ცხოველია აცრილი, ამაში შედის როგორც სასოფლო-სამეურნეო ცხოველები საკარანტინო ტერიტორიაზე, ასევე, პროფილაქტიკური ღონისძიებების ფარგლებში ძაღლი და კატა. ყოველ წელს დაახლოებით 260 000 ცხოველს ვცრით. ვაქცინაცია წელიწადში ერთხელ უნდა მოხდეს”, – განაცხადა ჩალიგავამ.

 

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები