“პუტინს მეტი რომ შესძლებოდა, ამას უკვე გააკეთებდა” – კურტ ვოლკერი
დასავლეთის ქვეყნების შიში „წითელი ხაზების“ გადაკვეთის შესახებ უსაფუძვლოა, რადგან რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინის გასანადგურებლად მეტის გაკეთება რომ შესძლებოდა, ამას უკვე იზამდა.
ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა, კურტ ვოლკერმა RBC-Ukraine-თან ინტერვიუში განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ უკრაინის დასავლელი მოკავშირეები კიევს გარკვეული ტიპის იარაღს არ აძლევენ იმის გამო, რომ „უნდა, იყოს დაცული ე.წ. წითელი ხაზები, რათა არ მოხდეს პუტინის პროვოცირება“.
„ვფიქრობ, ეს სრულიად არასწორია. ამის საერთოდ არ მესმის. პუტინს მეტი რომ შესძლებოდა, ამას უკვე გააკეთებდა. ის არ ელოდება, თუ როდის ვიმოქმედებთ ჩვენ. ის ცდილობს უკრაინის განადგურებას და ის ნებისმიერ ფასად უნდა იყოს შეჩერებული. არის რაღაცები, რაც უნდა გავაკეთოთ. უკრაინის საჰაერო თავდაცვა ერთი წლის წინ უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი. ამაზე ბევრი საუბარი იყო. და ბოლოს, ამას ახლა ვაკეთებთ. ერთი წლის წინ უნდა მიგვეწოდებინა ტანკები. როგორც იქნა, ახლა არის. უკრაინას შორი მანძილის არტილერია და სხვა ტიპის რაკეტებიც უნდა მივაწოდოთ, რომ მოვიგერიოთ რუსული ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის ყირიმში. ასევე, უნდა დავიწყოთ უკრაინისთვის თანამედროვე გამანადგურებლების გადაცემის პროგრამა. ეს არის, ამჟამად, ორი ყველაზე დიდი ხარვეზი”,- თქვა ვოლკერმა.