“აღმოსავლეთით ნატოს გაფართოება ჰიტლერის პოლიტიკას ჰგავს” – ლავროვი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინაში ომში ნატოს ქვეყნები დე იურე მონაწილეობენ, რაც ბირთვულ ძალებს შორის პირდაპირი სამხედრო შეტაკების საფრთხეს ზრდის.
ამის შესახებ მან პოდმოსკოვიეში უსაფრთხოების საკითხებზე პასუხისმგებელი უმაღლესი წარმომადგენლების მე-11 საერთაშორისო შეხვედრის დროს თქვა.
“დე იურე ნატოს ქვეყნები უშუალოდ არიან ჩართულნი კონფლიქტში კიევის მხარეს. ასეთი უპასუხისმგებლო ხაზი მნიშვნელოვნად ზრდის ბირთვულ ძალებს შორის პირდაპირი სამხედრო შეტაკების საფრთხეს. დასავლეთის დედაქალაქებს ვუგზავნით სიგნალებს ასეთი სცენარის დაუშვებლობის შესახებ, მაგრამ ეს სიგნალები ან იგნორირებულია, ან უხეშად დამახინჯებულია პროპაგანდისტული მიზნებისთვის“, – თქვა მან.
რუსმა დიპლომატმა ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება ადოლფ ჰიტლერის პოლიტიკას შეადარა.
”ნატოს დაუფიქრებელი გაფართოება ასახავს იმავე განზრახვებს, რომლებიც საფუძვლად ედო ჰიტლერის drang nach Osten-ის პოლიტიკას”, – თქვა ლავროვმა.