“საკოორდინაციო საბჭო აქციის თარიღზე მსჯელობს, დანაშაული იქნება – თუ ფრენებზე პროტესტს არ გამოვხატავთ” – პაატა მანჯგალაძე
„საზოგადოებრივად აქტიური ჯგუფების მიერ შექმნილი საკოორდინაციო საბჭო აქციის თარიღზე მსჯელობს და ოპოზიციაც თანხმდება იმაზე, რომ დანაშაულია პროტესტი არ გამოვხატოთ“, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
“თაკო ჩარკვიანს არანაირი აქცია არ დაუანონსებია. ჟურნალისტის კითხვაზე, საჭირო იყო თუ არა პროტესტი, მან თქვა, რომ აქვს ინფორმაცია, რომ ოპოზიციაში მიმდინარეობს კონსულტაცია თარიღთან დაკავშირებით, როცა დიდი აქცია გაიმართება. მმართველი გუნდის ინტერესია, ეს აქცია გამოაცხადონ ერთი ადამიანის ან ერთი პარტიის აქციად, რომ ხალხი არ მოვიდეს, რადგან თუ რამის ეშინიათ პუტინის გარდა, ეს არის ქართველი ხალხი.
ნებისმიერი აქციის მთავარი დამკვეთი და შემსრულებელია მოქალაქე და საზოგადოებრივად აქტიური ჯგუფებით არიან მოქალაქეები წარმოდგენილნი. იცით, რომ ამ ჯგუფების მიერ დაორგანიზებული აქციები 2 დღე მიდიოდა და არცერთი პოლიტიკოსი იქ არ გამოსულა, იყვნენ მხოლოდ ახალგაზრდები, საზოგადოებრივად აქტიური ადამიანები.
მათ შექმნეს საკოორდინაციო საბჭო და მიდის კონსულტაციები თარიღთან დაკავშირებით, ოპოზიციაში არის მზაობა და შეთანხმება, რომ ასეთი აქცია საჭიროა და არათუ საჭირო, დანაშაული იქნება თუ პროტესტს არ გამოვხატავთ ფრენებზე,” – განაცხადა მანჯგალაძემ.