“დემილიტარიზაციამ უკრაინის არმია მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერესად აქცია” – პრიგოჟინი(ვიდეო)
კერძო სამხედრო კამპანია “ვაგნერის” დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ დაწყებულმა “სპეცოპერაციამ” არ გამოიწვია ის შედეგები, რასაც მოსკოვი ელოდა და რაზეც თავიდან ვლადიმერ პუტინი საუბრობდა.
პრიგოჟინის თქმით, “უკრაინა მთელი მსოფლიოსთვის გახდა ცნობილი, ხოლო მისი არმია ერთ-ერთი უძლიერესია”.
პრიგოჟინის 77-წუთიანი ინტერვიუ BBC-მ გაშიფრა და ამონარიდები გამოაქვეყნა.
“თავხედურად მოვედით, ნაცისტების ძებნაში მთელი ტერიტორია ჩექმებით გამოვიარეთ. სანამ ნაცისტებს ვეძებდით, ვინც შეგვეძლო – დავხოცეთ, მერე კიევს მივუახლოვდით, შემდეგ – რუსულ ენაზე როგორც ამბობენ, ჩავიჯვით და დავბრუნდით. შემდგომ – ხერსონამდე ვიარეთ. ჩავიჯვით, გამოვედით. ამის შემდეგ, თუ მანამდე, დროც კი მერევა უკვე – იზიუმი, კრასნი ლიმანი. და რატომღაც არ გამოგვდის”, – ამბობს პრიგოჟინი.
მისი თქმით, “სპეცოპერაცია დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციის მიზნით დაიწყო. ამრიგად, უკრაინის დენაციფიკაციით, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, უკრაინა გავხადეთ ისეთ ერად, რომელსაც მთელი მსოფლიო იცნობს. უკრაინა იქცა ქვეყნად, რომელსაც აბსოლუტურად ყველგან იცნობენ. ეს რაც შეეხება დენაციფიკაციას. ახლა – დემილიტარიზაციაზე ვისაუბრებ”.
”სპეცოპერაციის დასაწყისში პირობითი 500 ტანკი ჰყავდათ, ახლა 5000 აქვთ. თუ მათ ჰყავდათ 20 000 ადამიანი, რომელსაც ბრძოლა შეეძლო, ახლა 400 000 ადამიანმა იცის, როგორ იბრძოლოს. როგორ მოვახდინეთ მისი დემილიტარიზაცია? თურმე პირიქითაა, მისი მილიტარიზაცია მოვახდინეთ. მე ვფიქრობ, რომ უკრაინელები დღეს ერთ-ერთი უძლიერესი არმიაა. მათ აქვთ მაღალი ორგანიზებულობა, მომზადების მაღალი დონე, დაზვერვის მაღალი დონე, სხვადასხვა იარაღი აქვთ და მეტიც, ისინი ნებისმიერ სისტემასთან მუშაობენ, საბჭოთა, ნატოს, რომელზეც გინდათ, და ერთნაირად წარმატებით”, – ამბობს “ვაგნერის” დამფუძნებელი.