პარლამენტი რომან გოცირიძის და ხატია დეკანოიძის ინიციატივას ახალი პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესახებ დაჩქარებული წესით განიხილავს
პარლამენტს ახალი პოლიტიკური ჯგუფი შეემატება. საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს “ნაციონალური მოძრაობიდან” წასული დეპუტატების – რომან გოცირიძის და ხატია დეკანოიძის ინიციატივას.
ოპოზიციონერი დეპუტატი ყოფილ თანაგუნდელებს ყურადღების გადატანის მცდელობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” იძულებული გახდა ინიციატივა დაჩქარებულად განეხილა.
“თუ ამას დაჩქარებულად არ განვიხილავდით, ეს საკითხი გადაიწეოდა ოქტომბრისთვის და აზრი არ ექნებოდა ამის მიღებას საერთოდ. მას მოჰყვა სერიოზული აღშფოთება დიპლომატიურ კორპუსში. “ქართული ოცნება” ვერ გაბედავდა, მას შემდეგ რა რეაქციაც მოჰყვა, ჩვენთვის ჯგუფი არ შეექმნა,“ – აცხადებს რომან გოცირიძე.
მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ პარლამენტში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობა არ უნდა შემცირდეს და “ნაციონალურმა მოძრაობამ” ვეღარ უნდა მოახერხოს ზეწოლა ოპოზიციაზე.
“ნაციონალური მოძრაობა” ისეთ ცუდ მდგომარეობაშია და იმდენად დაშლილია, რომ ოპოზიციას რატომ უნდა პოლიტიკური ჯგუფის შექმნა, თუ რა მოთხოვნებს აყენებენ მათი ყოფილი წევრები და ოპოზიციის წარმომადგენლები, უკვე ამის გარკვევას ცდილობენ ჩვენთან. გადაწყვეტილებას, რომელსაც მივიღებთ, დავაფუძნებთ მხოლოდ ორ პრინციპს, რომ პარლამენტში წარმომადგენლობა პოლიტიკური პარტიების არ შესუსტდეს, არ შემცირდეს და მეორე, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ვეღარ მოახერხოს მომავალში ზეწოლა მთელს ოპოზიციაზე”, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.