შალვა პაპუაშვილი: ყველაზე ამორალურია, რომ ხელისუფლება, რომელმაც 2008 წლის შემდეგ არაფერი გააკეთა, რათა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ყოფილიყო, დღეს ხმამაღლა საუბრობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ამორალურია, როცა ხელისუფლება, რომელსაც აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის დასანქცირებისთვის არაფერი გაუკეთებია, დღეს ამ თემაზე ხმამაღლა საუბრობს.

„სწორედ ეს არის ყველაზე ამორალური, რომ ხელისუფლება, რომელმაც 2008 წლის შემდეგ არაფერი გააკეთა, რათა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ყოფილიყო, დღეს ხმამაღლა საუბრობს. საბოლოო ჯამში, საქართველო იყო დასანქცირებული, როგორც რუსეთის მხრიდან, ისე, მათ შორის, სხვა ქვეყნები საქართველოს ამ ომის შემდეგ წლების განმავლობაში იარაღს არ გვაყიდინებდნენ. რეალურად, ჩვენ ვიყავით სანქციების ქვეშ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აღდგა იარაღის შესყიდვის შესაძლებლობა ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლების ოპონენტები მაშინდელ ვითარებას დღეს არსებულ სიტუაციას ადარებენ, სინამდვილეში კი „ნაცმოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოხდა რუსეთის მიმართ ცალმხრივი დათმობები განახორციელა. კერძოდ, მიიღო მონაწილეობა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაში, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმება, მათი ქორწილების ორგანიზება, მასში მონაწილეობა და ა.შ.

„ეს იყო გააზრებული პოლიტიკა, რომელიც მათ ჰქონდათ რუსეთთან ე.წ ურთიერთობების დათბობის, თუ დალაგებისა, რამაც ვნახეთ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის შედეგები არ გამოიღო. რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, აქ ჩვენ ხომ არ გვაქვს რამე ორმხრივი ურთიერთობა? საუბარი არ არის რამე მოლაპარაკებაზე და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე. ფრენებთან დაკავშირებით მარტივად არის საქმე. საქართველოს არცერთ ხელისუფლებას, მათ შორის, წინა ხელისუფლებას, მიუხედავად იმისა, რომ ომი იყო, საქართველოს მხრიდან ფრენები არ შეუწყვეტია და ფრენებისთვის რამე ბარიერი არ ყოფილა შექმნილი. ეს იყო რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება, რომელიც 2019 წელს მიიღო და ეს ცალმხრივი გადაწყვეტილება მანვე გააუქმა ახლახან. ისევე, როგორც ვიზებთან დაკავშირებით, რუსეთს ცალმხრივად ჰქონდა სავიზო რეჟიმი შემოღებული და ახლა, ცალმხრივადვე მიიღო გაუქმების გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, საქართველოს სახელმწიფოს ამაში არანაირი მონაწილეობა არ აქვს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ფრენების შეწყვეტის ერთადერთი საშუალება არის, თუ საქართველო სანქციას დაუწესებს რუსეთს, თუმცა საქართველო არ აწესებს სანქციებს, მაგრამ ის მიერთებულია საერთაშორისო სანქციებს.

„ჩვენ ვსაუბრობთ სანქციებზე, რომელსაც აწესებს ევროკავშირი, აშშ-ის და დიდი ბრიტანეთი. ძირითადად, ეს არის ის საერთაშორისო სანქციები, რომელზეც ვსაუბრობთ. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი ეს ქვეყანა თუ ორგანიზაცია, არც ევროკავშირი, არც აშშ და არც ბრიტანეთი ჩვენ არ გვაძლევს არანაირ სამხედრო, თუ ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიას, უზრუნველყოფთ ამ სანქციების დაცვას საქართველოს ტერიტორიაზე. იმიტომ, რომ ჩვენ ვგრძნობთ ჩვენს პასუხისმგებლობას ჩვენი უკრაინელი დების და ძმების, უკრაინელი ხალხის მიმართ და ვგრძნობთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას საერთაშორისო უსაფრთხოების კუთხით“, – განმარტა პაპუაშვილმა პირველი არხის ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები