სოზარ სუბარი: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შეუძლებელი იქნება, თუ ხალხებს შორის ნდობა არ აღდგება, საქართველო არ არის მხოლოდ ტერიტორია, საქართველო, პირველ რიგში, ადამიანები არიან, რომლებისთვისაც ეს ქვეყანა სამშობლოა
მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შეუძლებელი იქნება, თუ ხალხებს შორის ნდობა არ აღდგება. ამის გაკეთება კი შეუძლებელი იქნება, თუ არ იქნება გრძელვადიანი მშვიდობა. „დღეს არის აფხაზეთობა და ჩვენს ყველა თანამოქალაქეს, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიებზე და დანარჩენ საქართველოში ცხოვრობს, ვულოცავ.
საქართველო არ არის მხოლოდ ტერიტორია, საქართველო, პირველ რიგში, ადამიანებია, რომლებისთვისაც ეს ქვეყანა სამშობლოა და რომელთაც ეს ქვეყანა უყვართ. ამათ შორის უნდა შევძლოთ ის საერთო ენა დავიბრუნოთ, რომელიც გვქონდა და რომლითაც ეს ქვეყანა ძლიერი და მდიდარი იყო თავის დროზე. ამის გაკეთება შეუძლებელი იქნება, თუ არ იქნება გრძელვადიანი მშვიდობა. დიდი ხნის წინ განვაცხადეთ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთი გზა არის მშვიდობა და ურთიერთგაგების აღდგენა ხალხებს შორის. როგორც კი ვიღაცებს მოეჩვენათ, რომ თითქოს ომის დაწყებით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობა გაჩნდა, ამისკენ მოწოდება დაიწყეს. ეს არის დამღუპველი გზა. ეს ნიშნავს, რომ ვერასდროს ვერ გავუსწორებთ თვალს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებსა და დებს და ვერასდროს აღვადგენთ ტერიტორიულ მთლიანობას. ამიტომ, მშვიდობა არის უალტერნატივო და ვინც სხვა რამეს ფიქრობს, ის საქართველოს მტერია – იმ ადამიანების დაკვეთას ასრულებს, რომელთაც საქართველოში მშვიდობა არ უნდათ და რომელთაც საქართველოს დაქცევა სურთ.”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.