ოლეგ ნიკოლენკო: უკრაინა ბოლომდე იბრძოლებს თავისი ტერიტორიების სრულ გათავისუფლებამდე

“უკრაინა ბოლომდე იბრძოლებს თავისი ტერიტორიების სრულ გათავისუფლებამდე”, – ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი  ოლეგ ნიკოლენკო უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებას.

მისივე თქმით, კრემლს უნდა უხაროდეს, უნგრეთის მთავრობის მეთაურმა პასუხისმგებლობა მოხსნა რუსეთს უკრაინის მიმართ აგრესიაზე.

„უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე კომენტარის დროს განაცხადა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ვისთან შეიჭრა, ის დარწმუნებულია, რომ უკრაინა ომს ვერ მოიგებს. კრემლს უნდა უხაროდეს, უნგრეთის მთავრობის მეთაურმა პასუხისმგებლობა მოხსნა რუსეთს უკრაინის მიმართ აგრესიაზე“, – აღნიშნავს ნიკოლენკო.

როგორც ნიკოლენკო აცხადებს, იგივე ევროპელი პოლიტიკოსები ერთი წლის წინ ამტკიცებდნენ, რომ უკრაინას არ აქვს შესაძლებლობა, 72 საათზე მეტი დროის განმავლობაში გაუძლოს რუსეთის აგრესიას.

„მაშინ ცდებოდნენ და ახლაც ცდებიან. მტრის წინაშე კაპიტულაციის მომხრეებისგან განსხვავებით, უკრაინელები გააგრძელებენ ბრძოლას რუსული ოკუპაციისგან ტერიტორიების სრულ გათავისუფლებამდე. ეს ერთადერთი გზაა მშვიდობის აღდგენისთვის არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ – მთელი ევროპის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – აცხადებს ნიკოლენკო.

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი დარწმუნებულია, რომ უკრაინას არ შეუძლია რუსეთის წინააღმდეგ ომის მოგება. ამის შესახებ მან Bloomberg-თან ინტერვიუში თქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები