საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა გაიმართა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე სამინისტროების 2021 წლის კონსოლიდირებული ფინანსური აუდიტის ანგარიში მოისმინეს.

პარლამენტის ინფორმაციით, საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, გიორგი ჭოლოკავამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ცენტრალური ხელისუფლების 9 უწყების 2021 წლის ფინანსური ანგარიშგების 2022 წელს ჩატარებული აუდიტი წარმოადგინა.
აუდიტი ჩატარდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, განათლებისა და მეცნიერების, საგარეო საქმეთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, შინაგან საქმეთა, იუსტიციის და თავდაცვის სამინისტროებში. მომხსენებელმა ისაუბრა აუდიტის ჩატარებისას გამოვლენილი ნაკლოვანებებისა და ანგარიშებში ასახული მიგნებების თაობაზე, რომლებიც 4 ჯგუფად იყო წარმოდგენილი: აქტივების მართვა, მოთხოვნები და ვალდებულებები, აღრიცხვა-ანგარიშგება და ზოგადი კონტროლის მექანიზმები.
მომხსენებლის განცხადებით, ჩატარებული აუდიტის შედეგად სამინისტროებზე სულ 105 რეკომენდაციაა გაცემული, რომელთაგან ნაწილი სრულად შესრულებულია, ნაწილი -შესრულების პროცესშია. სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ სამინისტროების წარმომადგენლები, რომლებმაც მათი უწყებების მიმართ გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ისაუბრეს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, გამოვლენილი ნაკლოვანებების გამოსწორება და რეკომენდაციების შესრულება აუცილებელია უწყებების გამართული და ეფექტიანი საქმიანობისთვის, ასევე საჭიროა ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების შესასრულებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები