“პოლიტიკური ჯგუფის შექმნის თაობაზე ჩვენს საკანონმდებლო ინიციატივას არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა” – რომან გოცირიძე
“პოლიტიკური ჯგუფის შექმნის თაობაზე ჩვენს საკანონმდებლო ინიციატივას არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით მიდის გარჩევები, თუ რა მოხდა და როგორ მოხდა – მოხდა ძალიან ცუდი რამ, როცა ფრაქციის წევრებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს მხარი დაუჭირეს. საკითხი შიგნით გაარკვიონ და ძალიან არასერიოზულ და სულელურ ინტერპრეტაციებს ნუ აკეთებენ!
მე და ხატია დეკანოიძემ სამი კვირის წინ შევიტანეთ განაცხადი პოლიტიკური ჯგუფის ფორმირების შესახებ, რაზეც უარი იმის გამო გვითხრეს, რომ თითქოს საკანონმდებლო ცვლილებები მხოლოდ პარტიული სიით გასულ დეპუტატებს ეხებოდა და ბლოკით გასულ პარლამენტის წევრებზე არ ვრცელდებოდა, რაც, რა თქმა უნდა, აბსურდია. ამას სერიოზული რეაქცია მოჰყვა – მათ შორის, საქმის კურსში იყო დიპლომატიური კორპუსი და არასამთავრობო ორგანიზაციებმაც დასკვნა დადეს.
სწორედ ამიტომ მოვამზადეთ რეგლამენტში ცვლილებები და კანონის შესაბამის მუხლში, სადაც ნახსენებია “პარტია“, იქვე „ბლოკიც“ ჩაიწერება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს დეპუტატების ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის საკანონმდებლო ინიციატივას.
რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, ისინი პოლიტიკურ ჯგუფს შექმნიან და მასში გაწევრიანებას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ ახლად გასული ოთხი დეპუტატიც შეძლებს, სურვილის შემთხვევაში კი ფრაქციიდან გარიცხულები დამოუკიდებელ ჯგუფსაც შექმნიან.