“პუტინის სისტემაში ბზარებს ვერ ვხედავთ” – გერმანიის დაზვერვა
გერმანიის სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი, ბრუნო კალი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მმართველობის შესუსტებას ვერ ხედავს.
„ვერ ვხედავთ ბზარებს პუტინის სისტემაში“, – აღნიშნა კალმა უსაფრთხოების პოლიტიკის ფედერალურ აკადემიაში (BAKS) სიტყვით გამოსვლისას.
მისი მტკიცებით, ომის მენეჯმენტის საჯარო კრიტიკა წარმოადგენს რუტინულ დავას რუსულ საზოგადოებაში და არ წარმოადგენს საფრთხეს პუტინის რეჟიმისთვის.
„რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია, აწარმოოს გრძელვადიანი ომი“, – განაცხადა ბრუნო კალმა და დასძინა, რომ რუსეთს საკმარისი აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა აქვს.
მისივე თქმით, პუტინის გრძელვადიანმა სტრატეგიამ შეიძლება, გაიმარჯვოს, თუ დასავლეთი უკრაინას მხარს ძალიან ორგანიზებულად არ დაუჭერს.
ამასთან, გერმანიის სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთს აქვს გარკვეული სისუსტეები, მათ შორის, შეიარაღებული ძალების მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულება.
ბრუნო კალის ინფორმაციით, გერმანიის სადაზვერვო სააგენტომ ომის დაწყებამდე ორი კვირით ადრე იცოდა, რომ რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას დაიწყებდა.
„ომის დაწყებამდე დაახლოებით, 14 დღით ადრე ჩვენ აღმოვაჩინეთ მოვლენები, რომელთა ინტერპრეტაცია სხვაგვარად არ შეიძლებოდა“, – აღნიშნა გერმანიის სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელმა.