“უკრაინა ომს ვერ მოიგებს” – ორბანი
უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი დარწმუნებულია, რომ უკრაინას არ შეუძლია რუსეთის წინააღმდეგ ომის მოგება.
ამის შესახებ მან Bloomberg-თან ინტერვიუში თქვა.
„ჩემი პოზიცია, უნგრეთის პოზიცია თავიდანვე იყო, რომ ეს ომი არის დიპლომატიის მარცხი, ის არასდროს არ უნდა დაწყებულიყო. თუ გადავხედავთ, რა ხდება ფრონტის ხაზზე, ჩვენთვის ცხადია, რომ ბრძოლის ველზე გამოსავალი ვერ მოიძებნება. თქვენ სწორად თქვით, რომ რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. მაგრამ საკითხავი ის არ არის, ვინ სად შეიჭრა, საკითხავია – რა მოხდება მეორე დილით. მეორე დილით, და ეს ფაქტია, უფრო და უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება. არცერთი მხარის გამარჯვების შანსი არ არის. ეს არის ომი, რომელიც უშედეგოდ კლავს ბევრ ადამიანს“, – განაცხადა ორბანმა.
მან დასძინა, რომ ემოციურად ომი “ტრაგიკულია”, უნგრელების გული კი “უკრაინელებთანაა”.
მისი თქმით, უნგრეთს ესმის, „რამდენად იტანჯებიან უკრაინელები“.
“მაგრამ მე ვლაპარაკობ, როგორც პოლიტიკოსი, რომელმაც უნდა გადაარჩინოს სიცოცხლეები. საერთაშორისო პოლიტიკური საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სიცოცხლის გადარჩენა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დარწმუნებული ხართ, ისევე – როგორც მე, რომ ამ ომის მოგების არავითარი შანსი არ არსებობს”, – განაცხადა ორბანმა.
კითხვაზე, დარწმუნებულია თუ არა, რომ უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომის მოგება არ შეუძლია, ორბანმა დადებითად უპასუხა.
„ჩემი პოზიციაა, რომ თუ გადავხედავთ რეალობას, რიცხვებს, ვითარებას, იმ ფაქტს, რომ ნატო არ არის მზად ჯარის გასაგზავნად, აშკარაა, რომ ბრძოლის ველზე ღარიბი უკრაინელების გამარჯვება ვერ იქნება. ეს არის ჩემი პოზიცია,” – თქვა მან.