დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკის კომიტეტს საზოგადოებრივი მაუწყებლის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ წარუდგინა.
მომხსენებლის განცხადებით, 2023 წლის ბოლოდან საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალ მისამართზე გადასვლის პროცესს დაიწყებს. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს რთული ტექნოლოგიური ინტეგრაციის პროცესის პარალელურად 2024 წლის ბიუჯეტის და პროგრამირების თავიდან დაგეგმვა.
ვასილ მაღლაფერიძემ ისაუბრა შიდა და გარე აუდიტის მიერ წარმოდგენილ დასკვნებზე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის 2022 წლის ფინანსური საქმიანობის შეფასებას შეეხება. მისივე განცხადებით, მთლიანი ბიუჯეტის განკარგვის პირობებში, საერთაშორისოდ აღიარებული დამოუკიდებელი აუდიტის მიერ გაკეთებული დადებითი დასკვნა არ შეიცავს არცერთ მითითებას ხარვეზზე, დარღვევაზე ან მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამო ქმედებაზე, რაც უმნიშვნელოვანესი და უპირობო საზომია საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის შეფასებისას. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საანგარიშო პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გატარებულ სამაუწყებლო პოლიტიკაზე, მიმდინარე და სამომავლო პროგრამული პრიორიტეტების თაობაზე; მიმდინარე და სამომავლო პროგრამათა განრიგისა და დამოუკიდებელი პროგრამებისა და მათი მწარმოებლების შესახებ.
ანგარიშში ასევე წარმოდგენილი იყო ჩატარებული საზოგადოებრივი აზრისა და სამაუწყებლო ბაზრის კვლევის შედეგები, განხილული საჩივრების რაოდენობა და შინაარსი. ანგარიშში ასახული იყო საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტის შესრულებისა და მომავალი წლის ბიუჯეტის პარამეტრები. კომიტეტმა მხარი დაუჭირა საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიშის პლენარულ სხდომაზე გატანას.