აზერბაიჯანი ევროპაში გაზის ექსპორტის გაზრდას გეგმავს

აზერბაიჯანი ევროპის ქვეყნებში გაზის ექსპორტის გაზრდას გეგმავს, რომ 2027 წლისთვის მიწოდებამ, სულ მცირე, 20 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწიოს.

ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ვილნიუსში ლიეტუა-აზერბაიჯანულ ბიზნესფორუმზე განაცხადა, – იტყობინება მისი პრესსამსახური.

ალიევმა გაიხსენა, რომ გასული წლის ივლისში ევროკომისიამ და აზერბაიჯანმა ენერგეტიკის სექტორში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

„ამ მემორანდუმის საფუძველზე, 2027 წლისთვის ჩვენ უნდა გავაორმაგოთ ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება. 2021 წელს ბუნებრივი აირის მიწოდებამ 8 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, წელს ეს მაჩვენებელი იქნება 12 მილიარდი კუბური მეტრი, ხოლო 2027 წლისთვის, ვფიქრობ, 20 მილიარდი კუბური მეტრი იქნება და ვფიქრობ, ეს არის მინიმალური მაჩვენებელი, რადგან არსებობს მეტის პოტენციალი“, – განაცხადა ალიევმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა უფრო მეტ ბუნებრივ აირს აწარმოებს არსებული საბადოებიდან და ძალიან მალე გამოაცხადებს მნიშვნელოვან წარმოებას კასპიის ერთ-ერთი მთავარი საბადოდან.

„აზერბაიჯანი, როგორც ევროპის საიმედო მიმწოდებელი, დღეს ახორციელებს ნავთობის, ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის ექსპორტს. ვგეგმავთ წყალბადის, კერძოდ, „მწვანე“ წყალბადის ექსპორტს, ეს ყველაფერი ევროკავშირთან ჩვენი თანამშრომლობის საერთო სტრატეგიული ჩარჩოს ნაწილია და მადლობელი ვართ, ჩვენი ლიეტუველი მეგობრებისა და პარტნიორების მუდმივი მხარდაჭერისთვის”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები