პეტერ ფიშერი: გვსურს, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი და დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მიიღოს
გვსურს, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ჩვენ გვინდა, რომ ევროკავშირის საბჭოს მიერ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი მიმდინარე წლის დეკემბერში, – ამის შესახებ გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა „პირველ არხს“ განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში დაიწყება მოლაპარაკებები ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ საქართველომ გადადგას საჭირო ნაბიჯები.
„ჩვენ საქართველოს დავუსახელეთ 12 პრიორიტეტი და გვსურს, დავინახოთ მნიშვნელოვანი წინსვლა ამ რეკომენდაციების შესრულებაში, ამჟამად, განსაკუთრებით, მართლმსაჯულებისა და დეოლიგარქიზაციის მიმართულებით. ჩვენ გვინდა, დავინახოთ, რომ საქართველო კიდევ უფრო მნიშვნელოვნად დაუახლოვდეს ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებს. ქვეყანამ ზოგიერთი რეკომენდაცია შეასრულა, ზოგის შემთხვევაში, გვსურს, ვიხილოთ მნიშვნელოვანი წინსვლა“, – განაცხადა პეტერ ფიშერმა.