RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 16 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
23 მაისს, 12:30 საათზე, „პულმან თბილისში“ ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) საგრანტო კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. RDYE პროექტს ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაცია Mercy Corps ლიბერთი ბანკის და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით.
გამარჯვებულებს ჯილდოები გადასცეს საქართველოში „მერსი ქორფსის“ წარმომადგენლობის დირექტორმა, ირაკლი ქასრაშვილმა; ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორმა, ვაჟა მენაბდემ; სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ვიცე დირექტორმა, მანანა ქავთარაძემ და RDYE პროექტის დირექტორმა, უჩა ვარამაშვილმა.
ღონისძიებას ასევე დაესწრნენ საქართველოს სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, ირაკლი გივიაშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, ლია გიგაური.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაიმართა პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტების წარმომადგენელ ახალგაზრდა მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, რომელთაც დაასრულეს RDYE პროექტის ერთკვირიანი ინტენსიური ბიზნეს გადამზადების სასწავლო BET პროგრამა, მოამზადეს ბიზნეს გეგმები და პროექტის საგრანტო კონკურსში მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიებაზე მოწვეულ კერძო სექტორის წარმომადგენლებს, საშუალება მიეცათ პირადად გაცნობოდნენ პროექტის მონაწილეებს, დაეთვალიერებინათ მათი პროდუქცია, დაემყარებინათ საქმიანი კავშირები, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში, მხარი დაეჭირათ ახალგაზრდა მეწარმეებისთვის და თავისი წვლილი შეეტანათ სოფლად ახლგაზრული მეწარმეობისა და საქართველოს რეგიონებში სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარების საქმეში.
ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის (RDYE) არის 3.5 წლიანი პროექტი, რომელსაც ახორციელებს მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში (Mercy Corps Georgia) ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით.
პროექტის მხარდამჭერები არიან ლიბერთი ბანკი და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.
პროექტი ხელს შეუწყობს 1,500-ზე მეტ 18-35 წლის ახალგაზრდას (50% ქალი), მათ შორის, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობების წარმომადგენლებს, მაღალმთიანი სოფლების მკვიდრებს, ეკომიგრანტებს, იძულებით გადაადგილებულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, განივითარონ სამეწარმეო უნარები და შესაძლებლობები, რათა შექმნან 50-ზე მეტი მდგრადი, ახალი ან/და გააფართოონ უკვე არსებული, ახალგაზრდების მიერ მართული სოფლის მეურნეობისა და არასასოფლო-სამეურნეო საწარმო/ბიზნესი.
პროექტი განხორციელდება 42 თვის განმავლობაში (2021 წლის დეკემბერი – 2025 წლის მაისი) საქართველოს ოთხი რეგიონის მასშტაბით, რაც მოიცავს 18 მუნიციპალიტეტს:
ქვემო ქართლი რუსთავი, მარნეული, ბოლნისი, გარდაბანი, თეთრიწყარო, წალკა
სამცხე-ჯავახეთი ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი, ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა
შიდა ქართლი გორი, ქარელი, კასპი
მცხეთა-მთიანეთი მცხეთა, დუშეთი, თიანეთი
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.facebook.com/RDYE.Project, www.instagram.com/rdye_project, www.rdye.mercycorps.ge.