“თავისუფლება ახლოს არის” – ბელგოროდში განგაშია, ქალაქს რუსეთის “თავისუფლების ლეგიონი” უტევს (ვიდეო)
რუსეთის ქალაქ ბელგოროდში საჰაერო განგაშის სირენა მუშაობს, მანამდე დაფიქსირდა დრონების იერიში.
რადიოსადგურებში რუსებს აფრთხილებენ ევაკუაციის საჭიროებაზე, ასევე, ისმის ხმა, რომ “ბელგოროდი მალე გათავისუფლდება”.
“ბელგოროდი გახდება თავისუფალი. ვიმეორებთ, ქალაქ ბელგოროდის მაცხოვრებლებო, მოგიწოდებთ სასწრაფო ევაკუაციისკენ, ქალაქში დარჩენა უსაფრთხო არ არის. ბელგოროდი გახდება თავისუფალი”, – ნათქვამია ჩანაწერში.
მანამდე, ადგილობრივმა გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ რეგიონში საჰაერო თავდაცვის სისტემა დილის 09:00 საათიდან მუშაობს. მისი თქმით, იერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
რეგიონს რუსეთის მოხალისეთა კორპუსის ძალები რუსეთის “თავისუფლების ლეგიონთან” ერთად უტევს. მათი თქმით, ამ დროისთვის დასახლებულ პუნქტ კოზინკას რუსი სამხედროებისგან გათავისუფლება შეძლეს.
“გრაივორონში რაზმები შევიდნენ. წინ მივდივართ. რუსეთი თავისუფალი იქნება!”, – აღნიშნეს მათ.
თავის მხრივ, გლადკოვი აცხადებს, რომ გრაივორონის ოლქის ტერიტორიაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯგუფი შევიდა.
“რუსეთის შეიარაღებული ძალები სასაზღვრო სამსახურთან, რუსეთის გვარდიასა და FSB-სთან ერთად, აუცილებელ ზომებს იღებენ მტრის ლიკვიდაციისთვის. დეტალები იქნება მოგვიანებით”, – განაცხადა მან.