კუხო-დან შესაძლო გასვლის შესახებ ფაშინიანის განცხადებას კრემლში უპასუხეს
რუსეთი სომხეთთან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (კუხო) თემაზე დიალოგს გააგრძელებს და მიიჩნევს, რომ ეს ორგანიზაცია ეფექტურია და განვითარების პოტენციალიც აქვს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა სომხეთის პირველი პირის დღევანდელი განცხადების კომენტირებისას უთხრა.
“რაც შეეხება სომხეთის პრემიერმინისტრის განცხადებას, ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს ჩვენს სომეხ მეგობრებთან, მათთან ვისაუბრებთ კუხო-ს საქმიანობაში ჩვენი შემდგომი ერთობლივი მონაწილეობის თემაზე“, – თქვა კრემლის წარმომადგენელმა.
პესკოვის თქმით, კუხო მონაწილე ქვეყნებში “ავტორიტეტით სარგებლობს”.
„ეს არის ორგანიზაცია, რომელმაც აჩვენა თავისი ეფექტურობა სხვადასხვა სიტუაციაში და არის ორგანიზაცია, რომელსაც, ჩვენი აზრით, აქვს შემდგომი განვითარების პოტენციალი“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.
სომხეთის პრემიერმა პრესკონფერენციაზე დღეს კიდევ ერთხელ თქვა, რომ კუხო-დან რესპუბლიკის შესაძლო გასვლის საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის.
მისი თქმით, ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ერევანი მიხვდება, რომ ორგანიზაციამ ქვეყანა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით დატოვა. ასეთი გადაწყვეტილების მიღება ასევე შესაძლებელია, თუ ორგანიზაციის წევრის სტატუსი ხელს შეუშლის სხვა ქვეყნებთან უსაფრთხოების საკითხების განხილვას.