მედიის წარმომადგენლებისთვის საარჩევნო საკითხებზე კონფერენცია გაიმართა
ახალი ფორმატის ფარგლებში, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა (ცესკო) და ევროპის საბჭოს (CoE) თანამშრომლობით მედიის წარმომადგენლებისთვის კონფერენცია გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე შტეფან სირბუმ და ევროპის საბჭოს არჩევნებისა და თანამონაწილეობითი დემოკრატიის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე ფრანკ დეშლერმა გახსნეს. კონფერენციის ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარემ 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით პრეზენტაცია წარადგინა და დეტალურად ისაუბრა მიღებულ გამოცდილებაზე, მიგნებებზე, სამომავლო გეგმებზე.
როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, მედიის როლი ამომრჩეველთა ინფორმირების პროცესში, მათთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდებაში ძალიან მნიშვნელოვანია, რაც თავის მხრივ, საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება საქართველოში საარჩევნო გარემოს და კულტურის განვითარებაზე.
“მედიის წარმომადგენლებს, კონფერენციის ფარგლებში, მივაწოდეთ ინფორმაცია 29 აპრილის არჩევნების შედეგებისა და მიგნებების შესახებ, ასევე იმ სამომავლო გეგმების შესახებ, რაც საარჩევნო ადმინისტრაციას ტექნოლოგიური ინტერვენციის მიმართულებით გააჩნია. შეხვედრის ფარგლებში ასევე ვისაუბრეთ საინფორმაციო კამპანიების, ცნობიერების ამაღლებისა და ამომრჩეველთა განათლების მიმართულებით გასაწევ სამუშაოებზე, რომელშიც მედიას ნამდვილად უჭირავს მნიშვნელოვანი როლი. საერთაშორისო ექსპერტთან ერთად ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა აქტიური დისკუსიის ფარგლებში განგვეხილა ის საერთაშორისო და ევროპული სტანდარტები, რომელიც, როგორც გაშუქების, ასევე დეზინფორმაციის მართვის ეფექტიან მექანიზმს უკავშირდება“, – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა კონფერენციის დასრულების შემდეგ.
საარჩევნო პროცესების გაშუქების ახალ მიდგომებზე, მათ შორის ელექტრონული არჩევნების შესახებ საზოგადოების ინფორმირების პროცესში მედიის როლზე, საერთაშორისო სტანდარტებზე, დეზინფორმაციასა და მის ნეგატიურ გავლენაზე ვრცლად ისაუბრა ევროსაბჭოს მიერ მოწვეულმა ექსპერტმა რასტო კუზელმა. მისი განცხადებით, “საჭიროა მოქალაქეებს ჰქონდეთ ამომწურავი ინფორმაცია ელექტრონული ტექნოლოგიების შესახებ, თუ როგორ შეუძლია ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს გააუმჯობესოს მათი ცხოვრება და ამისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლობა. როდესაც ჩვენ ნდობაზე ვსაუბრობთ, ის მოითხოვს გამჭვირვალობას, მოითხოვს ღიაობას და ამ ურთიერთობების გაღრმავებას. ვფიქრობ რომ კონფერენცია შედგა და მონაწილეებისთვის საინტერესო იყო.” თავის მხრივ მედიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანია როგორც საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, რომელიც ტექნოლოგიური ინტერვენციის მიმართულებით მნიშვნელოვან სამუშაოებს ახორციელებს, ისე მედიისთვის, რომ სწორად მოხდეს ამომრჩეველთა ინფორმირება. შეხვედრა აქტიური დისკუსიის ფარგლებში მიმდინარეობდა და მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს მათთვის საინტერესო ყველა საარჩევნო საკითხზე. კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მედიის 30-მდე წარმომადგენელი იღებდა 20 მაისს, ევროპის საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობით და მათი ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. შეხვედრას მოდერაციას ევროპის საბჭოს პროექტის უფროსი ოფიცერი მაია ჯორჯიკია უწევდა.