მეუფე იაკობი: როცა ევროპარლამენტმა ევროკომისიას შესთავაზა, ჩვენთვის კანდიდატის სტატუსი არ მოეცათ, ფაქტობრივად, რუსეთზე მიგვაბა
“რა ხდება დღეს, საქართველოს გზა ევროკავშირში არისო – გასაგებია. მე გითხარით, რომ პირველ რიგში, ქართველმა აირჩია უფლის გზა და ჩვენი გზა ქრისტესთან არის. ეს ევროკავშირმაც იცოდეს”, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა დღევანდელი ქადაგებისას განაცხადა.
მისივე თქმით, როცა ევროპარლამენტმა ევროკომისიას შესთავაზა, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მოეცა, ფაქტობრივად ამით, ქვეყანა “რუსეთზე მიაბა”.
„კარგად ვიცით, რომ ამ გაჭირვების ჟამს, დღეს მსოფლიოში ისეთი სიტუაციაა, გარკვეულწილად, ქართველები თუ კონკრეტულ ძალებთან არ ვიყავით, ისე ძალიან გაჭირდება. ხედავთ როგორი სიტუაციაა. არის ცივილიზაციების ომი. არის რუსული ცივილიზაცია, რუსული იმპერიალიზმი და არის ასევე, სხვა დახვეწილი ფორმის, უკვე სხვა იმპერიალიზმი ვუწოდოთ, თავი არ მოვიტყუოთ. უკრაინაში რა ხდება, რუსმა რა იცის, რომ შიშველი ძალით დაეჯახოს. მიწები არ ჰყოფნის, დაავადებულია მიწებით. ამხელა სახელმწიფო რომ გაქვს, მსოფლიოს მერამდენედია რომ ავიღოთ, საბჭოთა კავშირის დროს მეექვსედი იყო და კიდევ აქეთ-იქით იწევდა. დღეს ახლა მერვედი ხომ მაინც იქნება. უკრაინა მოინდომა, უკრაინასთან ერთად მანამდე საქართველოსთან გზა გახსნილი ჰქონდა. 1989 წელსაც შეგვიტია, შემდეგ საქართველოში სამოქალაქო ომი გამოიწვია, არაეროვნული ძალები რომ მოეყვანა სათავეში და საბოლოოდ, ამას მიაღწია. დადგა დრო და ჩვენს ერს ჩვენი ხელისუფლების ზოგიერთი წევრი არ ექცეოდა ისე, როგორც საკუთარ ერს უნდა მოქცეოდნენ და ქართველმა ერმა განაჩენიც გამოიტანა და მოიშორა. ეს არ იყო მარტო არჩევნებით გაშვება, ეს იყო გაგდება და გაძევება. თვალი გავუსწოროთ სიმართლეს. რა ხდება დღეს, საქართველოს გზა ევროკავშირში არისო – გასაგებია. მე გითხარით, რომ პირველ რიგში, ქართველმა აირჩია უფლის გზა და ჩვენი გზა ქრისტესთან არის. ეს ევროკავშირმაც იცოდეს და პირველ რიგში, იმ დაბრმავებულმა რამდენიმე ევროპარლამენტარმა, რომელიც ძალიან ცუდად გვექცევა ხოლმე.
შეხედეთ დღეს რაც ხდება, რუსეთმა გააუქმა სავიზო შეზღუდვები, აღადგინა ფრენა. რატომ მოხდა ეს? თავიდან ვთქვი, როდესაც ევროპარლამენტმა ევროკომისიას შესთავაზა, რომ ჩვენთვის კანდიდატის სტატუსი არ მოეცათ, ფაქტობრივად, რუსეთზე მიგვაბა და ახლა რუსი რას გააკეთებს, ვინ ჩავიხედავთ მათი პირველი პირების თავში, უნდა შეგზღუდავს, უნდა მიგიშვებს. რა უნდა გააკეთო, შენ დაუწესო რამე?”,- განაცხადა მეუფე იაკობმა.