“უბრალოდ, კარგი ამბავია” – ბელარუსში რომან პროტასევიჩი შეიწყალეს

ბელარუსული ტელეგრამ-არხის Nexta-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომან პროტასევიჩი შეწყალებულია.

მაისის დასაწყისში პროტასევიჩს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მას ბრალი ედებოდა ხელისუფლების ხელში ჩაგდების შეთქმულებაში, მასობრივი არეულობის მოწყობაში, მიზანმიმართულად ცრუ ინფორმაციის გავრცელებასა და ალექსანდრე ლუკაშენკოს შეურაცხყოფაში.

პროკურატურა ათი წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსული მედია ავრცელებს.

“ახლახან მოვაწერე ხელი ყველა შესაბამის დოკუმენტს, რომ შეწყალებული ვარ. ეს, რა თქმა უნდა, უბრალოდ, კარგი ამბავია,” – თქვა პროტასევიჩმა.

2021 წლის 23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში რეისს ასრულებდა, ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო მინსკში დაეშვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. ამასთან, რეისის ერთ-ერთი მგზავრი, ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი დააკავეს.

25 მაისს ევროკავშირის სამიტმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

მოგვიანებით, ბელარუსის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რომან პროტასევიჩის “ინტერვიუ გაავრცელა”, რომელშიც “ის აცხადებს, რომ ისეთ ქმედებებს უწევდა ორგანიზებას, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს”. პროტასევიჩის უფლებადამცველები და ახლობლები ვარაუდობდნენ, რომ ის წამებას დაექვემდებარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები