ზემო ლარსის ალტერნატივა – სომხეთი რუსეთში ტვირთის გადაზიდვას უკვე ბათუმის პორტიდან ახორციელებს

სომხეთმა რუსეთში და პირიქით, ტვირთის გადაზიდვის ახალი მარშრუტი შეიმუშავა. აპრილიდან ამუშავებულია საზღვაო მარშრუტი – ბათუმი-ნოვოროსიისკი, ნოვოროსიისკი-ბათუმის მიმართულებით.

აღნიშნული პროცესის ორგანიზებისთვის, სომხეთის მთავრობამ ოპერატორად კომპანია C&M International-ი აირჩია.

როგორც “არმენპრესთან” საუბარში კომპანიის დირექტორმა, დავით ილოიანმა თქვა, აპრილიდან უკვე ორი ტვირთის გადაზიდვა მოხდა.

„დღესდღეობით ჩვენს გემს შეუძლია 350 კონტეინერის გადატანა. 18 აპრილს წარმატებით დავასრულეთ პირველი გადაზიდვა. ვგეგმავთ ყოველკვირეულად ერთი რეგულარული რეისის შესრულებას ნოვოროსიისკსა და ბათუმს შორის. მოთხოვნის პარალელურად, 2-3-ჯერ შევძლებთ ტრაფიკის გაზრდას. ახლა მთავარია, კვირაში ერთხელ რეგულარული, სტაბილური ტრანსპორტირება განხორციელდეს“, – აღნიშნა მან.

მისი თქმით, ტვირთის გადაზიდვის ეს ვარიანტი შესაძლოა, ძალიან მომგებიანი იყოს ბევრი მეწარმისთვის. ტვირთი დანიშნულ ადგილზე 20-24 საათში ჩადის.

ილოიანი ამბობს, რომ, სატვირთო მანქანების დიდი ნაკადების პირობებში, ზემო ლარსის გამტარუნარიანობა არ არის საკმარისი, პრობლემები მუდმივად ჩნდება.

“ჩვენ მხოლოდ ერთი გზა გვქონდა – ზემო ლარსი, დღეს არის მეორე“, – განაცხადა კომპანიის დირექტორმა და დასძინა, რომ თუ ტვირთის ნაწილის გადაზიდვა ზღვით მოხდება, ზემო ლარსზე მანქანების ნაკადიც შემცირდება, ტურისტებს გაუადვილდებათ გადაადგილება.

რაც შეეხება გადაზიდვების საფასურს, როგორც ილოიანი ამბობს, რესპუბლიკის მთავრობა გეგმავს ტრანსპორტირების სუბსიდირებას, რომ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს მეწარმეებისთვის, შესაბამისად, სომხეთი შეძლებს წლის განმავლობაში სტაბილური ფასების შენარჩუნებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები