კახა კალაძე – ოპოზიციაზე: მათი ყველა განცხადება, ქმედება ფარსია, ფარისევლური და ორმაგი სტანდარტის შემცველი

მათი ყველა განცხადება, ყველა ქმედება არის ფარსი, ფარისევლური და ორმაგი სტანდარტის შემცველი – დღეს მათ უბრძანეს, რომ უნდა იყვნენ გაბრაზებულები და უბრალოდ ამ თამაშს თამაშობენ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებს ატარებს და მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში მშვიდობა იყოს.

“ჩვეულებრივი ფარისევლები არიან. ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია. გადახედეთ, წლების წინ რა განცხადებებს აკეთებდნენ და დღეს როგორი აღშფოთებულები არიან. აქ არის ძალიან მარტივი რამ. თვითონ აღიარებენ ამას, რომ მაშინ, თითქოს, პოლიტიკური და გეოპოლიტიკური სხვა ვითარება იყო. არ ვიცი, რა ვითარებაზე საუბრობენ, 2008 წელს ომი იყო და დავკარგეთ ტერიტორიები. ამაზე დიდი უბედურება რა უნდა იყოს და რა უნდა ყოფილიყო, თუმცა, მაშინ თურმე ომის შემდეგ შესაძლებელი ყოფილა რუსების ჩამოსვლა, ბიზნესის კეთება. უბრალოდ მაშინ უბრძანეს, რომ ასე უნდა მოქცეულიყვნენ. დღეს მათ უბრძანეს, რომ უნდა იყვნენ გაბრაზებულები და უბრალოდ ამ თამაშს თამაშობენ. ეს არის ძალიან მარტივი”, – განაცხადა კალაძემ.

ამასთან, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ საბოტაჟის რეჟიმში იმყოფებიან.

„ეს ადამიანები გახლავთ საბოტაჟის რეჟიმში. თქვენ არ იფიქროთ, რომ საბოტაჟი “ქართული ოცნების” წინააღმდეგაა. საბოტაჟი არის ამ ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ.
რეკომენდაციების ერთი ერთი მთავარი კომპონენტი იყო პოლარიზაციის შემცირება. მიუხედავად შემცირებისა, ეს ადამიანები პირიქით, აღრმავებენ პოლარიზაციას. ნახეთ ყველა სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც შედის 12 რეკომენდაციაში, არაფერში მონაწილეობა არ მიუღიათ ამ ადამიანებს, არათუ მხარდაჭერა ან დახმარება, პირიქით ხელის შეშლაა, დარბიან ბრიუსელში და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოს ევროინტეგრაციას რამენაირად ხელი შეუშალონ და სტატუსის მოცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები ჩაშალონ,” – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები