შალვა პაპუაშვილი: მომავალ კვირას დადგება ის მომენტი, როდესაც ოპოზიციის ხელში იქნება 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთის შესრულება

“ოპოზიციისა და რამდენიმე NGO-ს მხრიდან იყო სურვილი მათი წარმომადგენლები ყოფილიყვნენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია გავაჟღერეთ, რომ აქ მიკერძოებას არ ექნება ადგილი”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მომავალ კვირას დადგება ის მომენტი, როდესაც ოპოზიციის ხელში იქნება 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთის შესრულება.

“საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი წევრი აირჩია, რასაც მოჰყვა მთელი აყალ-მაყალი. გავიდა ერთი კვირა ამ კენჭისყრიდან. რაიმე შინაარსობრივი კრიტიკა გსმენიათ ამ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც პარლამენტმა აირჩია? ახლა დარჩენილია 4 კანდიდატი, საიდანაც 2 უნდა შევარჩიოთ. ამ ოთხ კანდიდატზე რაიმე არგუმენტირებული კრიტიკა გსმენიათ ვინმეს? ხომ შეეძლოთ, ამ ერთი კვირის განმავლობაში რაიმე მაინც ეთქვათ ამ 4 კანდიდატზე? ეს რას აჩვენებს – ობიექტურად კანდიდატების მიმართ არ არსებობს რაიმე პრეტენზია. ოპოზიციისა და რამდენიმე NGO-ს მხრიდან იყო სურვილი მათი წარმომადგენლები ყოფილიყვნენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია გავაჟღერეთ, რომ აქ მიკერძოებას არ ექნება ადგილი.

ოპოზიციას მოვუწოდებ, ამ ოთხ კანდიდატთან დაკავშირებით იფიქრონ, „ქართული ოცნების“ ფრაქციასთან გაიარონ კონსულტაცია და მომავალ კვირას დადგება ის მომენტი, როდესაც ოპოზიციის ხელში იქნება 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთის შესრულება. ჩვენი მხრიდან თანხმობა არის. მათ ხელშია ახლა შესრულდება თუ არა ეს პუნქტი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ვაკანტური ადგილის შესავსებად კენჭისყრა 30 მაისს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები