“უახლოეს მომავალში უკრაინა ნატოს წევრი ვერ გახდება, მაგრამ უნდა ვიმსჯელოთ მისი უსაფრთხოების გარანტიებზე” – ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ უკრაინა “უახლოეს მომავალში” ნატოს წევრი ვერ გახდება.

ამის შესახებ მან Welt-თან ინტერვიუში განაცხადა.

“ყველას ესმის, რომ ეს არ მოხდება უახლოეს მომავალში. კერძოდ, იმიტომ, რომ ნატოს კრიტერიუმები მოიცავს უამრავ პირობებს, რომლებსაც უკრაინა ჯერ ვერ ასრულებს”, – განაცხადა შოლცმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ სამომავლოდ განიხილება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხი, კერძოდ, „რამდენად უზრუნველყოფთ უკრაინას მომავალში იარაღით“.

“ასევე ნათელია, რომ ჩვენ მოგვიწევს ვიმსჯელოთ, რა უსაფრთხოების გარანტიები შეიძლება, იყოს შეთავაზებული ომის შემდგომ ვითარებაში. მაგრამ ამ მომენტამდე ჯერ არ მივსულვართ”, – თქვა პოლიტიკოსმა.

როგორც ცნობილია,  უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა არ დათანხმდება ალტერნატიულ წინადადებებს, რომლებიც შესაძლოა,  ნატოში მისი წევრობა ჩაანაცვლოს.

ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა არ დაკმაყოფილდება ვილნიუსის ნატოს სამიტის სხვა გადაწყვეტილებით, გარდა ალიანსში მისი წევრობისკენ გადადგმული რეალური ნაბიჯების.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები