“საჯარო სივრცეები თამბაქოს კვამლისგან გათავისუფლდა” – რა შედეგები მივიღეთ კანონში ცვლილებების 5 წლისთავზე

„თამბაქოს კონტროლის ცენტრის” დირექტორის, გიორგი მაღრაძის განცხადებით, “თამბაქოს კონტროლის” კანონის აღსრულებამ საკმაოდ ხელშესახები ცვლილებები მოიტანა და რაც ყველაზე თვალსაჩინოა, არის ის, რომ საჯარო სივრცეები თამბაქოს კვამლისგან გათავისუფლდა. ამის შესახებ მაღრაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მაღრაძემ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებების შესვლიდან 5 წლის თავზე რეგულაციის შედეგები შეაფასა.

“5 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც “თამბაქოს კონტროლის” ახალი კანონმდებლობა ძალაში შევიდა. ამ კანონის აღსრულებამ მართლაც საკმაოდ ხელშესახები ცვლილებები მოიტანა, რაც ყველაზე თვალსაჩინოა და ყველამ იგრძნო – საჯარო სივრცეები თამბაქოს კვამლისგან გათავისუფლდა. დასაწყისიდანვე საკმაოდ მობილიზებული იყო როგორც საინფორმაციო კამპანია, ისე – აღმასრულებელი სტრუქტურები. გარემოს თვალსაზრისით მომენტალური გარდატეხა მოხდა. მოგეხსენებათ, როგორი მდგომარეობა იყო კაფე-ბარებში, სხვა დაწესებულებებში, იქაურობა გაბუღული იყო. როგორც კი კანონის აღსრულება დაიწყო, სურათი მთლიანად შეიცვალა, შენობები კვამლისგან გათავისუფლდა.
გვახსოვს, რომ ქუჩაში გაივლიდი და თამბაქოს პროდუქტების რეკლამები გხვდებოდა. თვალთახედვიდან ეს რეკლამებიც გაქრა. ჩვენი მოზარდები თამბაქოს რეკლამას აღარ უყურებენ, რომელიც საკმაოდ მიმზიდველად იყო წარმოდგენილი და მათ მოწევის დაწყების სურვილს უჩენდა. ამ კანონმა სავაჭრო თვალსაზრისითაც გარკვეული ცვლილებები მოიტანა. გარე ვიტრინებზე თამბაქოს ხილვადობა აიკრძალა, შემდეგ შენობის შიგნითაც დაიმალა და ძირითადად, დახურულ დახლებშია განთავსებული. ამოქმედებულმა რეგულაციამ საზოგადოების ქცევაშიც გარკვეული ცვლილება გამოიწვია. იყო შიშები, რომ, თითქოს, ამ აკრძალვებს საზოგადოება არ მიიღებდა, განსაკუთრებით – სამასპინძლო დაწესებულებებში მოწევის აკრძალვას, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს საზოგადოებამ საკმაოდ კარგად მიიღო, წესებს დაემორჩილა, ქცევაში გადაეზარდა. აღმასრულებელ სტრუქტურებს იმდენი ძალისხმევა არც კი სჭირდებათ. თამბაქოს მომხმარებლები მოსაწევად გარეთ გადიან”, – განაცხადა მაღრაძემ.

მისივე თქმით, დარღვევები უფრო მეტად ჩილიმის, თამბაქოს ახალი პროდუქტების, ელექტრონული სიგარეტის, გასახურებელი თამბაქოს პროდუქტების მოხმარების კუთხით არის. მაღრაძის განმარტებით, კანონის მოქმედება თამბაქოს ნებისმიერ პროდუქტზე ვრცელდება.

“რა თქმა უნდა, არის დარღვევებიც. კანონის აღსრულება დაახლოებით 95 % -ის ფარგლებშია. არიან ურჩი დაწესებულებები, რომლებიც მოწევის წესებს რეგულარულად არღვევენ და ჯარიმდებიან. ჩვეულებრივი სიგარეტის მოწევის წესზე დარღვევების უფრო ნაკლები შემთხვევებია. ჩილიმის, თამბაქოს ახალი პროდუქტების, ელექტრონული სიგარეტის ან გასახურებელი თამბაქოს მხრივ დარღვევები უფრო არის. ეს, გარკვეულწილად, ამ პროდუქტების შესახებ არასწორად გავრცელებულ ინფორმაციასაც უკავშირდება, უფრო მეტად ინდუსტრიის მოწოდებულ ინფორმაციას. ეს პროდუქტები ისე განიხილება, თითქოს, ჩვეულებრივი თამბაქოს პროდუქტები არ არის და ნაკლები ზიანის შემცველია, თითქოს, მათზე კანონი არ ვრცელდება და დახურულ სივრცეში აკრძალული არაა.
მინდა, საზოგადოებისთვის განვმარტო: კანონის მოქმედება თამბაქოს ნებისმიერ პროდუქტზე ვრცელდება, იქნება ეს ჩვეულებრივი თამბაქო, თუთუნი, ჩილიმი, თუ ელექტრონული სიგარეტი.
ბოლო პერიოდში მოწევის თვალსაზრისით საკმაოდ მდგრად კლებას ვაკვირდებოდით, ჩვეულებრივი სიგარეტის მოხმარებამ მართლაც დაიკლო, მაგრამ ახალი პროდუქტების მოხმარება გაიზარდა. საგანგაშოა ის, რომ მოხმარება სწორედ მოზარდ თაობაში გაიზარდა. 12 წლიდანაც კი აქვთ უკვე გასინჯული და საკმაოდ რეგულარულად მოიხმარენ. ისეა წარმოდგენილი, რომ, თითქოს, ეს პროდუქტები ნაკლებად ზიანისშემცველია. ვიცით ფაქტები, როდესაც მშობლებმა იციან, რომ მათი შვილები მოიხმარენ და ამაზე დიდად რეაქცია არ აქვთ. ეს ინფორმაციული ვაკუუმი ამოსავსებია. საჭიროა, სახელმწიფომ მუდმივი, კარგად დაგეგმილი საინფორმაციო კამპანია განახორციელოს.
თამბაქოს ახალ პროდუქტებზე ინფორმაციის ნაკლებობაა. არადა, არის ბევრი კვლევა, რომელიც ადასტურებს იმას, რომ ეს პროდუქტები უსაფრთხო სრულებითაც არაა. მაგალითად, აშშ-ში იყო შემთხვევები, როცა ადამიანები ფილტვის უკმარისობის დიაგნოზით იღუპებოდნენ. როდესაც გამოიკვლიეს, აღმოჩნდა, რომ ყველა პაციენტი ელექტრონულ სიგარეტს და მსგავს პროდუქტებს მოიხმარდა, რომლის შემადგენლობაშია E ვიტამინის აცეტატი, ასევე, ტეტრაჰიდროკანაბინოლი, ანუ კანაფის ზეთის ნაწარმები. ერთობლიობაში ეს პროდუქტები ფილტვის განლევას იწვევდა. “ევოლი” – ამ დაავადებასთან დაკავშირებით ასეთი სახელი დამკვიდრდა, რომელიც ელექტრონული სიგარეტებით გამოწვეულ ფილტვის დაავადებას აღნიშნავს. ასევე, ბევრი კვლევაა, რომელიც ამ პროდუქტების გულსისხლძარღვთა სისტემაზე გავლენას გვიჩვენებს, ასევე, მძიმედ მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, განსაკუთრებით – მოზარდებში”, – განაცხადა მაღრაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები