ერდოღანი: შვედეთი მზად არ არის ნატოში გასაწევრიანებლად
ჩვენ არ შეგვიძლია, დადებითად შევაფასოთ შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხი, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ვიდრე შვედეთი ტერორისტული ორგანიზაციების ფილიალების წარმომადგენლებს უფლებას აძლევს, რომ შვედეთში და სტოკჰოლმის ქუჩებში თავისუფლად იარონ, ჩვენ არ შეგვიძლია, დადებითად შევაფასოთ შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხი. ჩვენ არ ვართ მზად შვედეთისთვის ამ ეტაპზე, რადგან ნატოს ქვეყანას უნდა ჰქონდეს მტკიცე პოზიცია ტერორიზმთან ბრძოლაში“, – აღნიშნა ერდოღანმა.
შეგახსენებთ, რომ შვედეთმა და მეზობელმა ფინეთმა ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილება გასული წლის მაისში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ მიიღეს. ფინეთი ალიანსს 4 აპრილს ოფიციალურად შეუერთდა, შვედეთის გაწევრიანების საკითხს კი თურქეთი და უნგრეთი აფერხებენ.