CNN: აშშ მოკავშირეებს უკრაინისთვის F-16-ების გადაცემის ნებართვას მისცემს, მაგრამ თავად ამას არ გააკეთებს
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ევროპელ მოკავშირეებს მიანიშნა, რომ შეერთებული შტატები მათ უკრაინისთვის ამერიკული წარმოების F-16 საბრძოლო თვითმფრინავების ექსპორტის ნებართვას მისცემს.
ამის შესახებ CNN-ი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
როგორც მედიას წყარომ უთხრა, შეერთებული შტატები არ აპირებს თვითმფრინავების თავად გაგზავნას, მაგრამ არ არის წინააღმდეგი, ისინი სხვა ქვეყნებმა გაგზავნონ.
ამასთანავე, ამ კუთხით ოფიციალური მოთხოვნა სახელმწიფო დეპარტამენტში ჯერ არ შესულა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ პირებს, რომლებიც, როგორც წესი, ამუშავებენ დოკუმენტაციას იარაღის ექსპორტის დამტკიცებისთვის, ჯერ არ მიუმართავთ, – ამბობენ წყაროები.
ამერიკული წარმოების F-16-ები ევროპის რამდენიმე ქვეყანას აქვს, მათ შორის, ნიდერლანდებს, რომლებმაც უკრაინისთვის რამდენიმე თვითმფრინავის გადაცემის მზადყოფნა უკვე გამოთქვა.